გივი მიქანაძე: როდესაც თანხის მიღებაზე ოპოზიციური პარტია განაცხადს აკეთებს და ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა, საზოგადოებისთვისაც დამაბნეველი და მიუღებელია
“როდესაც ოპოზიციური პარტია თანხის მიღებაზე განაცხადს აკეთებს და ამავდროულად ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა, ეს საზოგადოებისთვისაც მიუღებელია”,– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, რომ ცხრა პარტიისგან შემდგარი პარლამენტი ჰქონდეს.
„პარტიებმა დაფინანსება სწორედ იმ ბარიერის გადალახვისთვის მიიღეს, რომელიც მათ შესაბამისი მხარდამჭერით მიღებული მანდატით მოიპოვეს. დაკვეთა ასეთია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ, სურთ, თავიანთი წარმომადგენლები პარლამენტში იხილონ და ამ ადამიანებმა თავისი ფუნქცია შეასრულონ. ეს დაფინანსება ორიენტირებულია იმ პარტიებზე, რომლებიც პარლამენტში შედიან და თავის საქმეს აკეთებენ.
როდესაც თანხის მიღებაზე ოპოზიციური პარტია განაცხადს აკეთებს და ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა, საზოგადოებისთვისაც დამაბნეველი და მიუღებელია. ეს არის აღიარება იმის, რომ არჩევნების შედეგად დაფიქსირებული პროცენტით ისინი დაფინანსებას იღებენ. ჩვენ მივესალმებით, რომ მათი მხრიდან აღიარებული იყოს ის არჩევანი, რომელიც მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს დააფიქსირეს.
საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, რომ ცხრა პარტიისგან შემდგარი პარლამენტი ჰქონდეს, რაც დემოკრატიული პროცესისა და ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გავითვალისწინოთ, რომ ეს მოქალაქეების მიერ გამოხატული ნებაა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.