გივი მიქანაძე: როგორც კი ყველა მხარე მესამე რაუნდისთვის მზად იქნება, მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ

„ქართულ ოცნებას“ ყველა კითხვაზე პასუხი და კონკრეტული პოზიცია, ღიაობა და მზაობა აქვს, რაზეც 31 ოქტომბრიდან დაწყებული ჩვენმა ლიდერებმა ოპოზიციას არაერთხელ მოუწოდეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან გარკვეული ოპტიმისტური განცხადებები მისასალმებელია.

„ოპტიმისტურად განწყობილი ვართ, რომ ოპოზიცია გაითვალისწინებს იმ რეალობებსა და არჩევანს, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს გააკეთეს და კონსტრუქციულად მიუდგება ყველა იმ საკითხს, რომლის მიმართაც „ქართული ოცნება“ თანამშრომლობის კუთხით მზაობას გამოხატავს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ საუბარი არ არის რამე ახალ არჩევნებზე. არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი რაღაცნაირად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ოპოზიციის მხრიდან გარკვეული ოპტიმისტური განცხადებები მისასალმებელია, რაც ჩვენ გვაფიქრებინებს იმას, რომ მათ გაანალიზეს ის კონკრეტული სიტუაცია, რაც ფასილიტაციის მხრიდან ხდება. ვიმედოვნებთ, მათი მხრიდან მოქალაქეების არჩევანი პატივცემული იქნება. ასევე გათვალისწინებული იქნება ის საერთაშორისო განწყობა და საერთო სულისკვეთება, რომლითაც ყველა ჩვენი უშუალო და უმთავრესი პარტნიორი ჩვენს ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ეს ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოებში გადაიტანონ და საპარლამენტო ცხოვრების რეჟიმში გადავიდნენ, რაც ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენც ვიმედივნებთ, რომ მათი მხრიდან ეს კონსტრუქციულად იქნება აღქმული და მესამე რაუნდი შედეგიანი იქნება.

„ქართულ ოცნებას“ ყველა კითხვაზე პასუხი და კონკრეტული პოზიცია, ღიაობა და მზაობა აქვს, რაზეც 31 ოქტომბრიდან დაწყებული ჩვენმა ლიდერებმა ოპოზიციას არაერთხელ მოუწოდეს. ამიტომ, მიზეზი იმის, თუ რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი, არანაირად „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული არ არის. როგორც კი ყველა მხარე მესამე რაუნდისთვის მზად იქნება, ჩვენი მონაწილეობა, რა თქმა, უნდა მოლაპარაკებებში იქნება. ოპოზიციისთვის ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდაა ცნობილი და ეს ახირება არ არის. ეს ის პოზიციაა, რომელიც იმ ადამიანების პატივისცემიდან მომდინარეობს, რომლებმაც თავისი არჩევანი 31 ოქტომბერს დააფიქსირეს. ამ კონკრეტულ მიმართულებას რაიმე ალტერნატივა არ აქვს. გარდა იმისა, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანი ყველა მხარის მიერ პატივცემული უნდა იყოს“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები