პირს, რომელიც უკანონოდ უთვალთვალებდა გიორგი გაბუნიას და მის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებდა, ბრალი დაუმძიმდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენისა და გამოყენების ბრალდებით – ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენისა და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – მაგომედ გუციევი, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
,,აღნიშნული პირი სისტემატურად ახორციელებდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.
2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ემუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.