“საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის აღიარებას არ აპირებს” – უწყება განცხადებას ავრცელებს
საფრანგეთის სენატის რეზოლუციის მიუხედავად, ქვეყნის მთავრობა თვითაღიარებული რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის აღიარებას არ აპირებს.
ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყებაში ხაზი გაუსვეს ის სიტყვებს, რომლებიც კენჭისყრამდე სახელმწიფო მდივანმა, ჟან-ბატისტ ლემუანმა თქვა: “საფრანგეთი თვითაღიარებულ რესპუბლიკას მთიან ყარაბაღს არ აღიარებს”.
“ჩვენი ვალდებულება, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის, მდგომარეობს იმაში, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე ვიმუშაოთ მხოლოდ მოლაპარაკებების გზით. კერძოდ, მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით და ამ მოლაპარაკებების შედეგი წინასწარ განსაზღვრული ვერ იქნება, არც ცალმხრივ ფორმატში”, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეოპოლიტიკური უწყების განცხადებაში.
25 ნოემბერს საფრანგეთის ზედა პალატამ (სენატმა) თვითაღიარებული რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი. რეზოლუციას კანონის ძალა არ აქვს და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის არის.
სენატის გადაწყვეტილებამ აზერბაიჯანში აღშფოთება გამოიწვია. მილი მეჯლისი გამოვიდა წინადადებით, რომ მოხდეს საფრანგეთიდან ელჩის გაწვევა, ასევე, მისთვის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის სტატუსის მოხსნა.
ბაქოში საფრანგეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაც გაიმართა.