ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის ერთპარტიულობას ხელი არ უნდა შეუწყოს. მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების მოხსნის საკითხზე კენჭისყრის ჩატარება ამის ხელშეწყობა იქნება.
საყვარელიძემ აღნიშნული განცხადებებით „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, „ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე დადგება, მაგრამ არ დაკმაყოფილდება, რაც სავსებით სწორი იქნება”.
საყვარელიძის თქმით, ანალოგიური კენჭისყრის მექანიზმით მანდატის შენარჩუნების ფაქტები არსებობს.
„პოლიტიკური ბრძოლა მიდის და რომელ მხარეს რა რესურსი აქვს, იმას იყენებს. უმრავლესობას ამ რესურსის გამოყენება შეუძლია. ოპოზიციის ბოიკოტი იმისკენ მიდის, რომ მერე „ოცნებას” დააყვედრონ, ერთპარტიული პარლამენტი გაქვთო. პარლამენტის ერთპარტიულობას “ქართულმა ოცნებამ” არ უნდა შეუწყოს ხელი. უფლებამოსილების მოხსნის საკითხზე კენჭისყრის ჩატარება კი ხელშეწყობა იქნება. „ქართულ ოცნებას” ასეთი ბრალდების თავიდან ასაცილებლად სჭირდება ის, რომ მან კენჭისყრის შედეგად არ უარყოს ოპოზიციური დეპუტატების უფლებამოსილება და ისინი პარლამენტის უფლებამოსილ წევრებად დატოვოს”, – განაცხადა საყვარელიძემ.
მან ასევე ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომელიც პარლამენტის მრავალპარტიულობაში დარწმუნებულია. რამაზ საყვარელიძის თქმით, არცერთი კანონიერი გზით ახლა საპარლამენტო არჩევნები არ უნდა დაინიშნოს. მისი შეფასებით, „ოპოზიცია ჩიხშია შესული”.
„დღევანდელი გადმოსახედიდან, ოპოზიცია ცდილობს, ბოიკოტზე ერთმანეთი შეაგულიანოს და წააქეზოს. მეორე მხრივ, ბოიკოტს დავარქმევთ თუ სხვა რამეს, რეალურად, ეს მათი მხრიდან საპარლამენტო მუშაობის საბოტაჟია. ყველა ქვეყანაში ოპოზიცია შედის პარლამენტში, რომ საპარლამენტო და არა ქუჩის ბრძოლა გააგრძელოს. ამიტომ, ჩვენი პარტნიორები ოპოზიციას იმას კი არ სთხოვენ, რომ ოპოზიციურად განწყობილები არ იყვნენ, არამედ – პარლამენტში შევიდნენ და უკვე საპარლამენტო მუშაობის პროცესში თავისი ოპოზიციური ხაზი გაატარონ. ეს თანამედროვე, ცივილიზებული გზაა. ქუჩა ოდითგანვე პოლიტიკური ასპარეზი იყო, მაგრამ ქუჩის მეთოდები მაინც ძალადობის შემცველია და თანამედროვე, ევროპული დემოკრატიისთვის მიუღებელია. არცერთი კანონიერი გზით ახლა საპარლამენტო არჩევნები არუნდა დაინიშნოს. საპარლამენტო არჩევნების რიგგარეშე დანიშვნას თავისი წესი აქვს, ეს წესი დღევანდელ პირობებში არ ჩანს. ასე რომ, ოპოზიციის მოთხოვნა ჩიხურია. ისინი ჩიხში შესულები არიან. ამ ჩიხს ზოგიერთი პარტია გააცნობიერებს თუ არა, განსაკუთრებით – პატარა პარტიები, ამაზეა დამოკიდებული მათი მდგომარეობა. თუ ისინი მიხვდებიან, რომ მათი პოლიტიკური პერსპექტივა პარლამენტია და არა – პარლამენტს გარეთ, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ ამ ხელოვნურად შექმნილ პროტესტში ნაპრალი გაჩნდეს და ვიღაცები პარლამენტში შევიდნენ. ასე რომ, მრავალპარტიულობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს”, -განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის წევრების ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის საკითხს, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ თუ ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებენ, მაშინ არც საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებაზე უნდა ჰქონდეთ პოზიცია. ის აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე „გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პოზიცია სწორია.
„ხელფასის აღებასა და ბოიკოტზე განცხადებები შეუთავსებელია. თუ ხელფასი გინდა, მაშინ არჩევნების ხმების რაოდენობას აღიარებ. მაშინ რაღას აპროტესტებ? ოპოზიციის პოზიცია ლოგიკურად ჩამოყალიბებული და გამართული არ არის, ხელფასებთან დაკავშირებით ერთი პოზიცია უკავიათ, მოთხოვნებში -მეორე და ა.შ. იქნებ საბიუჯეტო დაფინანსების მოხსნის საკითხმა მაინც დააფიქროს ოპოზიციური პარტიები იმაზე, რომ მათ სხვა სურვილებიც აქვს. დაფინანსება თუ უნდათ, პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ”, – განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, “გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია. მისი აზრით, ეს არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა