თაკო ჩარკვიანი რჩევას ითხოვს – “დაფინანსებაზე უარით, პრაქტიკულად, ვაუქმებთ პარტიას და მისი ლიკვიდაცია ხდება”
“ჩვენ რა შემოწირულობებიც გვქონდა, ყველაფერი გახარჯულია ამ არჩევნების დროს”, – ამ შინაარსის წერილს პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აქვეყნებს.
ჩარკვიანის თქმით, დიახ, მათ სჭირდებათ დაფინანსება პარტიის არსებობისთვის, ხოლო დეპუტატის ხელფასებზე კი უარს ისეც აცხადებენ.
„ძვირფასო მეგობრებო და ამომრჩევლებო, 2-3 დღე დარჩა განცხადებამდე. 9 პარტიამ განაცხადა, მათ შორის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასში შემავალმა პარტიებმა, “რესპუბლიკურმა პარტიამ”, მოძრაობამ “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ევროპულმა საქართველომ”, “ევროპულმა დემოკრატებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა” დაფინანსების შესახებ, მე ჩემს აზრს მოგახსენებთ:
ვფიქრობ ბევრს და ვიფიქრე, რომ იქნებ არ ვარ სწორი, რომ ვეთანხმები ამ პარტიების კუთვნილი დაფინანსების მოთხოვნას, საქმე შემდეგშია: ჩვენ უარს ვამბობთ დეპუტატის მანდატზე – ხელფასზე, ხოლო გარე დაფინანსებაზე პარტიისა – დიდი ხნის ბჭობის, ყოყმანის, პოლემიკის შემდეგ გადავწყვიტეთ განცხადების გაკეთება დაფინანსების მოთხოვნაზე, რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენმა ამომრჩეველმა ხმა მოგვცა, ხელისუფლებამ კი გააყალბა, ხმები მიიტაცა და ჩვენ ვაცხადებთ ბოიკოტს და, ცხადია, არ შევალთ პარლამენტში და ეს, რა თქმა უნდა, სწორია და უცვლელია. მაგრამ არის ერთი სხვა საკითხი:
ახლა ისმის კითხვა, რა დააშავა იმ ჩვენმა ამომრჩეველმა – არ შევდივართ, ეს კარგია, ხოლო დაფინანსების არაღებით, პრაქტიკულად, ვაუქმებთ პარტიას და პარტიის პრაქტიკული ლიკვიდაცია ხდება არდაფინანსებით, რით შეიძლება ან ახალი არჩევნებისთვის მოემზადო მომავალში, ჩვენ რა შემოწირულობებიც გვქონდა, ყველაფერი გახარჯულია ამ არჩევნების დროს, რომელიც ივანიშვილმა გააყალბა. მეგობრები მეუბნებიან და მართლაც – ივანიშვილსაც ხომ ეს უნდა, რომ ლიკვიდაცია მოხდეს ყველა პარტიის- განადგურება! ხომ ასეა? ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ამ არჩევნებამდე, პრაქტიკულად, ლიკვიდირებას ვახდენთ ჩვენ თვითონვე საკუთარი პარტიების, ამიტომ წარმოიშვა ეს აზრი – კუთვნილი დაფინანსების აღებისა და, რა თქმა უნდა, პარლამენტში არშესვლა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს თანხა არ უნდა დავუტოვოთ ივანიშვილსა და მის გარემოცვას, მაინც „გული მეთანაღრება”, არც დაფინანსება მინდა ამათი და არაფერი ( ვიცი, რომ „ამათი”, ანუ ხელისუფლების არ არის და ეს პარტიების თანხაა , იმ ლეგიტიმურობის გამო, რაც ხალხმა მიანიჭა ამ ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ მაინც). მოკლედ, ჯერ კიდევ შეიძლება უარის თქმა, მე დაგპირდით – ყველაფერს ვიტყვი-მეთქი, ჰოდა, აბა, ახლა არ დაიძინოთ და ერთად გადავწყვიტოთ ეგ ამბავი, ვღელავ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რას იტყვით“, – დაწერა თაკო ჩარკვიანმა.