სოსო ფხაკაძე: ნებისმიერი შეზღუდვა ბიზნესს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირად ფასობს

“ვისაც 1 500 ლარამდე აქვს ხელფასი, მათთვის დაწესებული ექვსთვიანი შეღავათი კიდევ ექვსი თვით გაგრძელდეს”, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს პრემიერმინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, საგადასახადო შეღავათები გახანგრძლივდეს.
„ზოგადად, დილემის წინაშე ვდგავართ. ყველას კარგად გვესმის, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ბიზნესი და ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს მას. ამავდროულად, ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირი ღირდა და მომავალშიც ასე იქნება, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. ბიზნესს ფუფუნება არ აქვს, მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია.
ამასთან, კიდევ ერთხელ მსურს, დავაფიქსირო აზრი გადასახადებთან დაკავშირებით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ საშემოსავლო გადასახადის კუთხით პირველი, რაც იყო – კონკრეტულ ინდუსტრიას ჩამოეწეროს ეს გადასახადი; მეორე – ვისაც 1 500 ლარამდე აქვს ხელფასი, მათთვის დაწესებული ექვსთვიანი შეღავათი კიდევ ექვსი თვით გაგრძელდეს. ამას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამ შეღავათზე წამოვა“, – განაცხადა ფხაკაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები