მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

ლევან ზურაბაშვილი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს, „ინტერპრესნიუსს“ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს უგზავნის.

ზურაბაშვილი სააგენტოსთვის მიწერილ წერილში პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

„საზოგადოებას ვთხოვ და მოვუწოდებ, უსამართლობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ციხიდან გამომიყვანონ, რათა ერთად მივაღწიოთ მიზანს. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვთხოვ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, შემხვდეს და საშუალება მომცეს, გავესაუბრო”, – წერს “ინტერპრესნიუსისთვის” მიწერილ წერილში ზურაბაშვილი.

ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას განცხადებით, ზურაბაშვილი საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თვლის, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ფიქრობს,  სიმართლისთვის ბრძოლა ღირს.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინწინ შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები