ნათან შტრაუსი – ადამიანი, რომელმაც ნახევარი მილიონი ამერიკელი ბავშვი რძით გადაარჩინა

ნათან შტრაუსი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომერსანტი ამერიკის ისტორიაში, მაღაზიათა ქსელის, Abraham & Straus-ის  დამფუძნებელი და მეწილე, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი. მან, თითქმის, მთლიანი კაპიტალი ნიუ-იორკის ღარიბებზე დახარჯა. მან ზოგიერთ ბავშვს გადარჩენის შანსი მისცა.

XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში ნიუ-იორკში ბავშვთა სიკვდილიანობა ძალიან მაღალი იყო, რისი მიზეზიც, სხვა მიზეზებთან ერთად, ცუდი რძე გახლდათ. იმ დროს რძის პასტერიზაციაზე არათუ არავინ ფიქრობდა, არამედ თვლიდნენ, რომ ეს მავნე იყო პროდუქტისთვის და ფული უსარგებლო ფლანგვა. შტრაუსს ბევრი წინაღობა შეხვდა, მაგრამ მისი ცხოვრების მიწურულს, მისივე ფულით, რძის პასტერიზაციის 297 სადგური აშენდა აშშ-ის 36 ქალაქში.

ახალი საქმის კეთების ბიძგი მას ოჯახურმა ტრაგედიამ მისცა – ევროპაში მოგზაურობის დროს შტრაუსს და მის ცოლს, ლინა გუთჰერცს, ცუდი რძის გამო, ახალშობილი ქალიშვილი დაეღუპათ. მოგვიანებით, შტრაუსების ფერმაში, ერთ შეხედვით, სრულიად ჯანმრთელი ძროხა მოკვდა. გაკვეთის შემდეგ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ საქონელს ტუბერკულოზი ჰქონდა. მაშინ ცოლ-ქმარმა საკუთარი თანხებით დააფინანსა კვლევები და ლაბორატორიის გახსნა რძის პასტერიზაციისთვის.

პირველი სადგური ნიუ-იორკში გაიხსნა. რძეს სუფთა ბოთლებში ასხამდნენ და მინიმალურ საფასურად ყიდდნენ. მათ, ვისაც თანხის გადახდა არ შეეძლო, კუპონებს აძლევდნენ.

შტრაუსს ესმოდა, რომ ბავშვები ინფიცირდებოდნენ და იღუპებოდნენ დაავადებული საქონლის გამო. მან ისიც იცოდა, რომ 1890 წელს ლუი პასტერის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომლის თანახმადაც, რძე უნდა გაცხელებულიყო, შემდეგ კი, მკვეთრად გაციებულიყო, მიკრობებს კლავდა და რძე უსაფრთხო ხდებოდა.

შტრაუსებმა რძის სადგურების მშენებლობა დაიწყეს ნიუ-იორკის სხვადასხვა რაიონში და იბრძოდნენ იმისთვის, რომ ყველა რძე, რომელიც იყიდებოდა, პასტერიზებული ყოფილიყო. 1891 წელს ბავშვების 24%, რომელიც ნიუ-იორკში იბადებოდა, ერთ წლამდე მიუღწევლად იღუპებოდა, ხოლო, 20 111 ბავშვიდან, რომელსაც პასტერიზებულ რძეს ასმევდნენ, მხოლოდ 6 ბავშვი დაიღუპა. 1898 წელს შტრაუსი ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრეზიდენტი გახდა და დაუყოვნებლივ გადასცა პასტერიზაციის აპარატი ქალაქის ბავშვთა სახლს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 297 რძის სადგური დამონტაჟდა 36 ქალაქში. ბავშთა სიკვდილიანობა, ქვეყნის მასშტაბით, 1891 წლიდან 125 ბავშვიდან 1925 წელს 15-მდე დაეცა. სხვადასხვა ისტორიკოსის გამოთვლით, შტრაუსმა 445 800 ბავშვი გადაარჩინა.

ეკონომიკური დეპრესიის დროს, 1893 წელს შტრაუსმა რძის სადგურები გამოიყენა, რათა გაცილებით იაფად გაეყიდა ნახშირი. ვისაც გადახდა არ შეეძლო – ნახშირს უფასოდ იღებდა. შტრაუსმა, ასევე, გახსნა იაფიანი თავშესაფარი სახლები 64 ათასი ადამიანისთვის,  სადაც საუზმე 5 ცენტად მოჰქონდათ. შტრაუსმა შეამჩნია, რომ მისი კომპანიის,  Abraham & Straus-ის ორი თანამშრომელი შიმშილობდა, რათა ფული დაეზოგა და ოჯახი გამოეკვება, ამიტომ მან პირველი სასადილო გახსნა, რომლის ხარჯებსაც კომპანია უზრუნველყოფდა. 1911 წელს ნათან შტრაუსი ბერლინში საერთაშორისო დელეგატად აირჩიეს ბავშვთა დაცვისთვის, ასევე ის იყო კონგრესის დელეგატი ბავშვთა ტუბერკულოზთან ბრძოლისთვის რომში.

1931 წელს ნათან შტრაუსი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან, თითქმის, მთელი კაპიტალი ღარიბ ბავშთა დახმარებას შესწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები