გივი მიქანაძე: ოპოზიციის მიერ გამართულმა საპროტესტო აქციებმა კოვიდვითარებაზე გავლენა იქონია
„ოპოზიციის მიერ გამართულმა საპროტესტო აქციებმა არსებულ კოვიდვითარებაზე გავლენა იქონია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის ინფიცირებისა და ათეულობით გარდაცვალების შემთხვევის მომსწრენი ვართ. სწორედ ამ მასობრივი აქციების ფორმატში მოხდა ინფექციის უფრო მეტად გავრცელება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა აქციების ორგანიზატორებს, გაეთვალისწინებინათ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება.
„ხელისუფლების მხრიდან არაერთი მოწოდება იყო მოსახლეობისა და აქციების ორგანიზატორების მიმართ, რომ გაეთვალისწინებინათ ეს ყოველივე. ჩვენ ვხედავთ და ძალიან სამწუხარო დინამიკას – ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის დაავადებისა და ათეული მოქალაქის გარდაცვალების მომსწრენი ვართ. სწორედ ამ მასობრივი აქციების ფორმატში მოხდა ინფექციის უფრო მეტად გავრცელება. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით მოქალაქეებს და აქციების ორგანიზატორებს, არ მომხდარიყო მსგავსი ფორმით შეკრებების გამოყენება, რამეთუ, შესაძლოა ამას სავალალო შედეგები მოეტანა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სტანდარტები იმისთვის, რომ იზოლაციით, დისტანციის დაცვით, პირბადეებისა და ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.