გიორგი ფხაკაძე: ჩვენ, ყველა კერძო საავადმყოფოების მძევლები ვართ
გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში პროფესორი, გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში არსებულ კოვიდვითარებას აფასებს და ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კერძო კლინიკების ჩართვა აუცილებელია.
„ჩვენ, ყველა საქართველოს მოქალაქეები ვართ კერძო საავადმყოფოების მძევლები. სიცრუეა, რომ ამბობენ, საავადმყოფოებში საწოლები არ არის. როგორ არ არის?! საქართველოში იმაზე მეტი საწოლია, ვიდრე საჭიროა, მაგრამ კერძო საავადმყოფოებმა დაკეტეს კარები და თქვეს, რომ არ შევუშვებთ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. ამბობენ, რომ არ აქვთ რეანიმაციული საწოლები”, – ამბობს ფხაკაძე
ჯანდაცვის ექსპერტი მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას გეგმიური ოპერაციების გადადებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მსგავსი გადაწყვეტილება პანდემიის გავრცელებისთანავე მიიღეს:
„კერძო საავადმყოფოები აჯანყდნენ, რომ ფული იშოვონ. ბოდიში, საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?! საქართველოში სახელმწიფო საავადმყოფოები თითქმის არ არსებობს. ყველაფერი არის კერძო. კერძო სექტორის ერთადერთი გამოსავალია მოხდეს ქვეყანაში არსებული ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია. ხალხი კვდება, არ მინდა ვიყო ემოციური, მაგრამ რაც ხდება, ყველანაირ ზღვარს სცდება. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში გენერიზებული ეპიდემიაა. ჩვენ ვართ კატასტროფის წინაშე, უკვე კატასტროფაში ვართ, რადგან კერძო კომპანიების მძევლები ვართ, რომლებმაც, პრაქტიკულად, ჩაკეტეს თავიანთი საავადმყოფოები, ჩაკეტეს თავიანთი ლაბორატორიები, რომლებიც ყიდიან ტესტებს და ყიდიან თავიანთ საწოლებს. ეს არასწორი მიდგომაა,”- ამბობს ფხაკაძე.
მისი თქმით, კერძო კლინიკებმა კოვიდინფიცირებულ პაციენტებს საავადმყოფოს კარი არ უნდა მიუხურონ. პირიქით, უნდა მიიღონ და უმკურნალონ, რადგან მათი მიდგომა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არასერიოზული და მიუღებელია:
„მე არ ვამბობ, რომ კერძო სექტორს რამე უნდა წავართვათ, პირიქით, როცა ეპიდემიაა, უნდა მოხდეს ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია და ეს საწოლები იყოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, მართვა უნდა გააგრძელონ კერძო კომპანიებმა. როგორც კი ეპიდემია დასრულდება, დაუბრუნდებათ უკან. ეკონომისტებმა და იურისტებმა მოაგვარონ ამ საკითხის დალაგება ბუღალტრულად, მაგრამ ახლა ყველა რეანიმაციული საწოლი უნდა გამოვიყენოთ.
არ ვგულისხმობ, რომ ყველა კერძო კლინიკის რეანიმაცია სახელმწიფოს მფლობელობაში უნდა გადავიდეს, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის კლინიკაში, ამბობს, რომ აქვს კოვიდი და ეუბნებიან – არ მიგიღებთ, წადი სხვა საავადმყოფოში, ეს არასწორი მიდგომაა.
როდესაც სახელმწიფოს უნდა გამოიყენოს რომელიღაც საავადმყოფოს რესურსი, კერძო საავადმყოფო პასუხობს: არა, არ შეგიშვებ, არ მინდა. რას ნიშნავს არ მინდა?! ესთეტიკური საავადმყოფოების საწოლებიც კი უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ ვართ ომის წინა ხაზზე, აღარ არის ზოგად საკაცობრიო საკითხებზე საუბარი”, – აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.
გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ დგას:
„მე ამიშენებია, დაახლოებით, 7 საველე ჰოსპიტალი და ვიცი, ეს რაც არის. საქართველოში არანაირი საველე ჰოსპიტლები არ გვჭირდება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში. პორტალზე ოფიციალურად რეგისტრირებულია 415 საავადმყოფო”, – ამბობს ფხაკაძე.
ჯანდაცვის ექსპერტი საქართველოში გეგმიური ოპერაციების გადადების საკითხს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ აზრს ის ადამიანები ეწინააღმდეგებიან, რომელთა ინტერესი მხოლოდ ფულის შოვნაა:
„ვეთანხმები მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ მიმდინარე პროცედურები გადაიდოს. რა თქმა უნდა, გეგმიური ოპერაციები უნდა გადაიდოს. მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც ამ აზრს ეწინააღმდეგებიან. ესენი არიან ფარმაკომპანიები, მომწოდებლები, კერძო კომპანიები, რომლებსაც ფულის გაკეთება უნდათ ამ ეპიდემიის დროს. არ შეიძლება ხალხნო, მოითმინეთ სამი თვე და სამი თვის შემდეგ იზრუნეთ ფულის შოვნაზე. ახლა მიხედეთ ეპიდემიას და ნუ უჯანყდებით მინისტრს.
ბევრ რაღაცაში მინისტრს არ ვეთანხმები, მაგრამ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომლის გაჟღერება, სხვათა შორის დაგვიანებულია. ყველა ევროპულ ქვეყანაში ეს უკვე აპრიორია”, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში გეგმიური ოპერაციები და პროცედურები 2021 წლის პირველ მარტამდე გადაიდება.
მინისტრის განმარტებით, საწოლფონდის სწორად მართვა მნიშვნელოვანია, რადგან სამედიცინო მომსახურება შეუფერხებლად მიიღოს მან, ვისთვისაც ეს აუცილებელია.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ 23 ნოემბერს კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ჯანდაცვის კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლებით, ექიმის მომსახურება ბინაზე და სასტუმროებში შეუძლია მიიღოს ყველა იმ მოქალაქემ, ვისაც სამედიცინო მომსახურების გაწევა სჭირდება. ხოლო იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ინტენსიური სარეანიმაციო საწოლი ესაჭიროება, ადგილი გამოთავისუფლდება.