მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს.

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატ გიორგი ჭოჭუას იმედი აქვს, რომ გასაჩივრების შემდეგ შემდგომი ინსტანცია იმსჯელებს საქმეზე და მისი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობიდან გაათავისუფლებს.

“სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიმაჩნია, რომ ამით დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც 48 საათის ვადაში აუცილებლად გავასაჩივრებთ. იმედია, შემდგომი ინსტანცია იმსჯელებს და პატიმრობიდან გაათავისუფლებს პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, ლევან ზურაბაშვილს, მისი მხრიდან მიმალვა გამორიცხულია, მტკიცებულებების განადგურებაზე საუბარი ზედმეტია”, – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები მისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, 20 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა პირი, რომელმაც, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები