„ქალიშვილის მსხვერპლშეწირვა თანამედროვე ბაბილონში“ – პედოფილიასთან მებრძოლი სერ უილიამ სტედი

მე-19 საუკუნის ბრიტანეთში გოგონები სრულწლოვნებად 13 წლის ასაკში მიიჩნეოდნენ. ეს სულაც არ იყო გასაკვირი, ვინაიდან ვიქტორიანულ ეპოქაში ბავშვებს შეეძლოთ ქარხნებში უფროსების „თანასწორად“ ემუშავათ და „კაპიკები“ გამოემუშავებინათ. ისინი უპრობლემოდ მიდიოდნენ კატორღაზე კოლონიებში, თუკი სამეფოს კანონებს დაარღვევდნენ. 1880-იან წლებში ბრიტანული იმპერია ახალი კანონების მიღების ზღურბლზე იდგა, რომლებიც 16 წლამდე ბავშვებში სამუშაო და მით უმეტეს, სექსუალურ ექსპლუატაციას კრძალავდა. ჟურნალისტი უილიამ ტომას სტედი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ხელს უწყობდა პოზიტიურ ცვლილებებს, მაგრამ იმ დროისთვის ძალზედ უცნაური ხერხებით აკეთებდა ამას.

- რეკლამა -

- რეკლამა -

სტედი ჟურნალისტური გამოძიებების პიონერად ითვლებოდა. მან გადაწყვიტა, პირადად ჩართულიყო იმ საკითხებში, რომლებსაც აშუქებდა, რამაც მას, ცნობადობასა და პატივისცემასთან ერთად, ბევრი უარყოფითი რამ მოუტანა. 1885 წელს, როდესაც ბრიტანეთში ხმაურიანად განიხილავდნენ სრულწლოვნების ასაკის გაზრდას, სტედმა ჟურნალ „Pall Mall“-ში გამოაქვეყნა სტატია, სახელად – „ქალიშვილის მსხვერპლშეწირვა თანამედროვე ბაბილონში“.

ეს პროფესიონალურად შესრულებული ჟურნალისტური გამოძიება იყო, სადაც ავტორმა აჩვენა, რამდენად მარტივად შეიძლებოდა მსოფლიოს მოწინავე ქვეყანაში 13 წლის გოგონას ქალიშვილობა გეყიდა. სტედმა ბავშვი 5 ფუნტად იყიდა, თანაც ამ თანხაში შედიოდა მედიკოსის გასამრჯელოც. გოგონა, სახელად ელიზა არმსტრონგი, ექიმის კაბინეტში მიიყვანეს, რომელმაც მისი უმწიკვლობა დაადასტურა.  მას შემდეგ გოგონა დააძინეს ქლოროფორმით და წაიყვანეს ლონდონის ერთ-ერთ საროსკიპოში, სადაც მას სტედი ელოდა. ჟურნალისტი მის გვერდით იყო, სანამ გოგონამ არ გაიღვიძა. გვერდით უცნობი მამაკაცის დანახვისას გოგონამ დაიყვირა, რამაც ირგვლივ მყოფები დაარწმუნა, რომ მათ შორის სექსუალური კავშირი შედგა. ამ დადგმული სცენარის შემდეგ სტედმა ელიზა კარგ ოჯახში გააშვილა, რომელმაც ის საფრანგეთში წაიყვანა. ამ ამბით, გოგონას ტანჯვა დამთავრდა, ხოლო სტედისთვის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ჟურნალისტმა სტატიის წერა დაიწყო, რომელიც ისტორიაში უნდა შესულიყო.

საკუთარ ნაშრომში სტედი მხოლოდ ფიქტიური შეთანხმების საზარელ წვრილმანებზე არ წერდა, მას საზოგადოების ყურადღება მნიშვნელოვან დეტალებზე გადაჰქონდა. მისი თქმით, 12-13 წლის ბავშვები ადეკვატურად ვერ აფასებდნენ ვითარებას და ყოველთვის არ ესმოდათ, რომ მშობლებმა მათ უღალატეს და სხვა ადამიანს მიჰყიდეს, მით უმეტეს, მოძალადეს.

მას შემდეგ, რაც ბავშვი პედოფილის მსხვერპლი გახდებოდა, სხვა გზა აღარ რჩებოდა – იგი საროსკიპოში უნდა დარჩენილიყო ან ქუჩაში გასულიყო – მოწყალება ეთხოვა და მოეპარა. სტატიაში ელისა არმსტრონგს ლილი ერქვა, ხოლო მყიდველის ვინაობა, რომელიც თავად სტატიის ავტორი გამოდიოდა, სტედმა დამალა. „Pall Mall“-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ ინგლისელებზე აფეთქებული ნაღმის ეფექტი მოახდინა. წარმატებული ვიქტორიანული საზოგადოება, თავისი პურიტანული შეხედულებებით სექსუალურ ურთიერთობაზე, ძალიან შორს იყო იმისგან, რაც ლონდონის, ლივერპულის თუ სხვა მეგაპოლისების ბნელ ქუჩებში ხდებოდა. უილიამ სტედმა ყველაფერს ფარდა ახადა და ყველას დაანახა რეალობა, რომლის გამოჩენაც მათთვის სასურველი არ იყო.

მასალის – „ქალიშვილის მსხვერპლშეწირვა თანამედროვე ბაბილონში” – გამოქვეყნება დაემთხვა სრულწლოვნების ასაკის გაზრდის შესახებ მსჯელობას პარლამენტში, რამაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი დემონსტრაციული გამოსვლები გამოიწვია. ბრიტანელი მომიტინგეები დემაგოგიის შეწყვეტას და კანონის მეშვეობით, ბავშვების დაუყოვნებლივ დაცვას ითხოვდნენ. შედეგად, 1885 წელს სრულწლოვნობის ასაკი 13-დან 16 წლამდე გაიზარდა, ხოლო სექსუალური ექსპლუატაცია უკანონოდ გამოცხადდა. სტედი ქვეყნის ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი გახდა, მაგრამ მისი ტრიუმფი დიდხანს არ გაგრძელებულა. მის კოლეგებსაც სურდათ სახელის გათქმა და აქტიურად დაიწყეს იმ გოგონას მშობლების ძებნა, რომელიც სტატიაში ლილის სახელით იყო მოხსენებული. მათ მალევე მოახერხეს გოგონას ბიოლოგიური დედის პოვნა, რომელმაც განაცხადა, რომ გოგონა არათუ სექსუალურ ექსპლუატაციაში გადაეცა სტედს, არამედ მასთან მოსამსახურედ უნდა დამდგარიყო.

ბრიტანელი სამართალდამცავები, რომლებიც ბავშთა პროსტიტუციისა და ადამიანებით ვაჭრობის მიმართ გულგრილები იყვნენ, ერთბაშად აეკიდნენ უილიამ სტედს და ბრალი წაუყენეს მას ბავშვის მშობლებისგან უკანონო გატაცებაში. მრავალი შეცდომის გამო, რომელიც ჟურნალისტმა და მისმა თანამზრახველებმა დაუშვეს, მათ ვერ შეძლეს თავის გამართლება. ამ ხმაურიანი საქმის ყველა მონაწილე ციხეში მოხვდა.

ამ შემთხვევაში საბედნიეროდ, მსგავსი დანაშაულებისთვის ინგლისში სასჯელი ძალიან მცირე იყო. სტედმა 3-თვიანი პატიმრობა მიიღო, ხოლო მისმა დამხმარეებმა 6-6 თვე. როგორც ხედავთ, მათ მაგივრად რომ ნამდვილი დამნაშავე ყოფილიყო, დიდ სასჯელს ისიც ვერ მიიღებდა.

მოგვიანებით, ჟურნალისტი მაინც წერდა ბრიტანული საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელ ამბებს და მისი სახელი კვლავაც არ იშლებოდა ცნობილი გამოცემების პირველი ფურცლებიდან. ჟურნალისტი ნობელის პრემიაზეც კი იყო ნომინირებული, როგორც ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ბავშვთა უფლებების დაცვაში. სტედი იბრძოდა მშვიდობისთვის და ომების აბსურდულობას ამტკიცებდა.

ამ არაჩვეულებრივი ადამიანის სიკვდილიც არანაკლებ საინტერესო იყო, ვიდრე მისი ცხოვრება. სტედი „ტიტანიკის“ მგზავრი გახლდათ. აისბერგთან შეჯახების შემდეგ, როდესაც გემზე პანიკა დაიწყო, ცნობილი ჟურნალისტი ეკიპაჟს ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ნავებში განთავსებაში ეხმარებოდა. როდესაც გემი იმდენად დაიხარა, რომ ზედაპირზე დგომა შეუძლებელი იყო, სტედი ერთ-ერთ ოთახში შევიდა, სადაც სავარძელში, ჩიბუხითა და გაზეთით ხელში, სიკვდილს თამამად შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები