მაია ცქიტიშვილი: განვიხილეთ ის შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა, იქნას გამოყენებული, ეს გვინდა, რომ ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით გავაკეთოთ
“ვირუსის გავრცელების შენელება და პრევენცია არის ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო საქმე – როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გაზრდილი ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, აუცილებელია წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება, რათა ვირუსის გავრცელების შენელება მოხერხდეს.
„ეპიდემიის მართვას ეძღვნებოდა ჩვენი შეხვედრები როგორც სარესტორნო სექტორთან, ისე – სავაჭრო ცენტრებისა და ძირითადი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ის შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა, იქნას გამოყენებული. ეს გვინდა, რომ გავაკეთოთ ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით. ეს შეხვედრები გაგრძელდება კიდევ და ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან იმ წესების და რეგულაციების დაცვა, რომლებიც დადგენილია. ბუნებრივია, ვირუსის გავრცელების შენელება და პრევენცია არის ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო საქმე – როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი და საჭირო, რომ ჩვენ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ტემპის შემდგომი ზრდა და პირიქით, მოვახდინოთ ვითარების სტაბილიზაცია“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
დღესვე, პრემიერმინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანლობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.