“საფრთხე მზარდია” – შვედეთის პრემიერი მოსახლეობას მიმართავს
შვედეთის პრემიერმინისტრმა, სტეფან ლიოვენმა ეპიდვითარების გაუარესების ფონზე ხალხს მიმართა.
მისი თქმით, ვითარება უარესდება, თუმცა, მომავალი თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
“საფრთხე მზარდია. სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება, ხვდება რეანიმაციაში, მეტი ადამიანი იღუპება. ყველაფერზე, რაშიც, როგორც ქვეყანა ახლა ვცდებით, მომავალში ვაგებთ პასუხს. ყველაფერ იმაზე, რასაც ახლა ვაკეთებთ სწორად, ჯილდოს მომავალში მივიღებთ. იმაზე, რასაც ახლა მოვიმოქმედებთ დამოკიდებულია მომავალი, როგორი იქნება შობის და სხვა დღესასწაულების აღნიშვნა. შეიძლება ყველაფერი ასე სასტიკად ჟღერდეს, მაგრამ რეალობაა ასეთი”,- თქვა მან.
მისი თქმით, შეინიშნება ხალხის მობილურობის შემცირება, გაიზარდა დისტანციური მუშაობა და ასეთი პასუხისმგებლიანი ქმედება მეტი გვჭირდება.
შვედეთის პრემიერმა თქვა, რომ გაზაფხულზე, შვედების პასუხისმგებლობამ პირველი ტალღის მკაცრი კარანტინის გარეშე გადალახვის შესაძლებლობა მოგვცა.
“ამჟამად ასევე საჭიროა ერთიანობის და პასუხისმგებლობის გამოვლინება. და ისინი იმ ვირუსზე ძლიერია, რომელსაც ამჟამად ვებრძვით. გავაკეთოთ ეს ერთად, ახლა, შვედეთის ხათრით”,- თქვა მან.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ შვედეთში ხალხისადმი პრემიერის მიმართა განსაკუთრებული მოვლენაა. თანამედროვე ისტორიაში ასეთი სულ 4 მიმართვა გაკეთდა. 1992 წელს კალრ ბილტის მიმართვა ანტიმიგრანტული თავდასხმების დროს; 2003 წელს იორან პერსონის მიმართვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოკვლის შემდეგ და წელს უკვე მეორე მიმართვა კორონავირუსთან დაკავშირებით.