პროკურორი: თუ დადგინდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხადი იყო, ეს საქმის წარმოებაზე გავლენას მოახდენს

პროკურორის, ლუკა გამყრელიძის განცხადებით, თუ დადგინდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი – ლევან ზურაბაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო – ეს საქმის წარმოებაზე გავლენას იქონიებს.

მისივე თქმით, პროკურატურის მოთხოვნით დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაადგენს.

„ბრალდების მხარის შუამდგომლობა იყო, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა. ჩვენ მიერ დასაბუთებული იყო მითითებული შუამდგომლობა, რომ სახეზე იყო ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, იყო მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რაც გაიზიარა სასამართლომ. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება,  ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონკრეტულად დანაშაულის ჩადენის დროს როგორი იყო, ჩვენ მიერ დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დანაშაულის ჩადენის დროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, იმ გარემოებას, ხომ არ წარმოადგენს იგი საფრთხეს საზოგადოებისთვის და ხომ არ არსებობს მომავალშიც დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მომხდარ დანაშაულზე რეაგირება, არამედ, სავარაუდოდ, მომავალში შესაძლო დანაშაულზე პრევენცია და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნით ჩვენ მიერ მიღებული იყო პატიმრობის გადაწყვეტილება და სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა. ფსიქიატრიული ექსპერტიზით დადგინდება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დანაშაულის ჩადენის დროს, ბუნებრივია, ეს გავლენას მოახდენს საქმის წარმოებაზე თუ დადგინდება, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი“, – განაცხადა ლუკა გამყრელიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 20 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა პირი, რომელმაც, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები