ივანე მაჭავარიანი – დღგ-ს ავტომატურ დაბრუნებაზე: თითოეულ გადამხდელს თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება საბანკო ანგარიშზე
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და განაცხადი, რომ სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 17 ნოემბრიდან ამოქმედდა სისტემა, რომლის შედეგადაც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დასაბრუნებლად აღარაა საჭირო გადასახადის გადამხდელის დასტური – თითოეულ გადამხდელს თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება იმ საბანკო ანგარიშზე, რაც გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
მისი თქმით, გაიწია მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა საბოლოოდ გასწორებულიყო ბაზები, ასევე, დაიხვეწა რისკის პროგრამა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს პროცესი.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, 2019 წელს გადასახადის გადამხდელებს ზედმეტად გადახდილი გადასახადიდან დაუბრუნდა 614 მილიონი ლარი, 2020 წელს, დღეის მონაცემებით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, მიუხედავად საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისა, ჩვენ დავაბრუნეთ 811 მლნ ლარი და წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ ლარამდე იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, დღევანდელი კონტექსტის, დღევანდელი საბიუჯეტო წნეხის გათვალისწინებით, რომელიც გამომდინარეობს შემოსავლების კლებიდან.
ვფიქრობ, ამ სიგნალს სათანადოდ დააფასებს ჩვენი ბიზნესსექტორი, რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს. ისინი უფრო თამამები იქნებიან თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ბიზნესსაქმიანობაში. ჩვენ სწორედ ამ მიზნის მიღწევა გვსურდა, რომ ყველა უფრო მეტი ოპტიმიზმით აქტიურად შევუდგეთ იმ აღდგენის პროცესს, რომელიც 2021 წელს გველოდება”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.