ზაალ უდუმაშვილი: დღეს ოპოზიციის ლიდერები დეტალურად იმსჯელებენ, აქციებს რა ფორმით ჩაატარებენ – „სირცხვილის დერეფანი“ არ განიხილება
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღეს „ლელოს” ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე აქციებზეც იმსჯელებენ და საკითხზე ერთად შეჯერდებიან.
მისივე თქმით, „სირცხვილის დერეფანი“ არ განიხილება, რადგან არ უნდა მოხდეს ზეწოლა იმ ამომრჩეველზე, რომელიც არჩევნების მეორე ტურზე მიდის და ხმას აძლევს.
„რაც შეეხება 21 ნოემბრის აქციას, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დღეს უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ, თუ რა ფორმით ჩავატარებთ აქციებს. ნებისმიერ შემთხვევაში, აქცია იქნება, ოღონდ კონკრეტულ ფორმაზე დღეს შევთანხმდებით. ბევრი ვერსია განიხილება, მათ შორის, „ცოცხალი ჯაჭვიც“, ასევე, სხვადასხვა ფორმის აქციები. დღეს ყველა პარტია საკუთარ პოზიციას წარმოადგენს და საბოლოოდ შევჯერდებით ერთ მოდელზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. „სირცხვილის დერეფანი“ არ განიხილება, რადგან ჩვენი ამომრჩეველია თუ სხვისი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა იმ ამომრჩეველზე, რომელიც მიდის და ხმას აძლევს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.