კახა კახიშვილი: არცერთი პოლიტიკური პროცესი არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობად და სიცოცხლედ
კახიშვილის თქმით, სირცხვილის კორიდორები, შეძახილები, პირადი ცხოვრების ქექვა და ა.შ. საქართველოს პოლიტიკური რეალობის სირცხვილია:
„სიტყვა სირცხვილის კორიდორი, რომ მოვისმინე, გამახსენდა კარანტინის დაშლის კორიდორი. გახსოვთ თქვენ, ის ცნობილი კადრები, იქაც კორიდორი იყო. იმასაც სირცხვილის კორიდორს ეძახდნენ ის ადამიანები, ვინც ფიზიკურად უსწორდებოდნენ პატიმრებს და ეს კორიდორები ცოტა სიმბოლურია. ვფიქრობ, რომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, ისეთი ტიპის ინიციატივების გაცხადებისგან, რომელიც კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას მოახდენს ადამიანებს შორის. იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, შენ რომ გინდა ვიღაცას სირცხვილის კორიდორი მოუწყო, შენ გაგიკეთეს ის სირცხვილის კორიდორი? გაგატარეს იმ სირცხვილის კორიდორში? არ გაგატარეს, ხომ? მეორე თემა ახლა – შენ რომ ატარებ ამ სირცხვილის კორიდორს, მაშინ იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ ვიღაცას ნერვები არ მოუთმენს და საით მივდივართ, ისევ დაპირისპირებისკენ? ისევ პოლიტიკური პროცესების გამო მოქალაქეები გადავკიდოთ ერთმანეთს? ეს იქნება ქვეყნისთვის კარგი?
მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და ყოველთვის ვაცხადებდი, რომ არცერთი პოლიტიკური პროცესი არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობად და სიცოცხლედ. პოლარიზაცია უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. პოლიტიკის გამო არ შეიძლება ადამიანებს ადამიანები სძულდეთ. სირცხვილის კორიდორები, შეძახილები, პირადი ცხოვრების ქექვა და ა.შ. ეს არის სირცხვილი საქართველოს პოლიტიკური რეალობის და ასეთი ინიციატივები, მე ვფიქრობ, თავად ოპოზიციის მიერ უნდა იყოს გაკრიტიკებული,” – აღნიშნა კახა კახიშვილმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას.