„ყარაბაღის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ე.წ. გაყინული კონფლიქტების არსებობა არ შეიძლება, დაუსრულებლად ვითმინოთ” – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

“ყარაბაღის ომმა და შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ე.წ. გაყინული კონფლიქტების არსებობა არ შეიძლება, დაუსრულებლად ვითმინოთ”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამახარია კავკასიის რეგიონში ყარაბაღის ომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა ჩვენს რეგიონში. უპირველეს ყოვლისა, ესაა ყარაბაღის კონფლიქტი და ის შეთახმება, რომელიც 9 ნოემბერს გაფორმდა აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის, რომლის საფუძველზეც განალაგდნენ რუსეთის სამშვიდობო ჯარები აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით ექსპერტები მთელს მსოფლიოში ურთერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამენ. ეს ბუნებრივიცაა. მინდა, თავიდანვე ცალსახად გავნაცხადო, არ არსებობს დღეისათვის საფუძველი იმისთვის, განვაცხადოთ, რომ რუსეთი გამარჯვებული და ყველა სხვა დანარჩენი დამარცხებულია. ამ ე.წ სამშვიდობო ოპერაციის შედეგად კონფლიქტი გადაწყვეტილი არაა, ის გრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები ყარაბაღში. აზერბაიჯანმა მიზანს ნაწილობრივ მიაღწია, ბოლომდე ვერ მივიდა, შესაბამისად, უკმაყოფილოა. სომხეთმა ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა, რომელიც ოკუპირებული ჰქონდა 30 წლის განმავლობაში და, ბუნებრივია, ისიც უკმაყოფილოა. ამ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ცალსახად გაამრჯვებულია, არ მიგვაჩნია სწორად.

როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები? რუსეთის სამშვიდობო ძალები დგანან ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, მაგრამ რუსეთი არასდროს შეუწყობს ხელს ამ კონფლიქტის დასრულებას რომელიმე ერთი მხარის სასარგებლოდ. ისიც ვიცით, რომ აზერბაიჯანი არასდროს შეეგუება ყარაბაღის დაკარგვას. არც სომხეთი იტყვის უარს ყარაბაღზე. რუსეთი ვერ შეძლებს ვერცერთი მხარის დაკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, რუსეთის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ძალიან საეჭვოა. თუ რომელიმე მხარე ყარაბაღზე უარს იტყვის, მაშინ კიდევ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა გაიმარჯვა. მაგრამ არ მგონია, მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდეს“, – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის,  მაიკ პომპეოს ვიზიტი რეგიონში განვითარებულ პროცესებს უკავშირდება.
„რაც მოხდა, რიგითი მოვლენა ნამდვილად არაა. ამან სერიოზულად უნდა დააფიქროს დასავლეთი. როგორც ჩანს, დასავლეთი დაფიქრებულია კიდეც, ბატონ პომპეოს ვიზიტი სწორედ ამითაა გამოწვეული. დასავლეთი კარგად აცნობიერებს საქართველოს მნიშვნელობას. საქართველოს მნიშვნელობა ამ შეთანხმების შემდეგ კიდევ უფრო იზრდება დასავლეთისთვის. ამის გამოხატულება გახლავთ ბატონი პომპეოს ვიზიტი საქართველოში.

ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების პრეცედენტი კავკასიაში არ ყოფილა და ყარაბაღის შემთხვევაში ეს პრეცედენტი მივიღეთ. ესაა ჩვენთვის მასტიმულირებელი ფაქტორი. ყარაბაღის ომმა და შემდეგ განვითრებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ დაუსრულებლად არ შეიძლება, ვითმინოთ ე.წ. გაყინული კონფლიქტების არსებობა. რაც უფრო მეტ ხანს იარსებებს გაყინული კონფლიქტები, მით უფრო წამგებიან მდგომაროებაში აღმოჩნდება დასავლეთი. გაყინული კონფლიქტების არსებობა არის დასავლეთის, აშშ-ის გავლენის შესუსტება რეგიონში. ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომელიც გამომდინარეობს ყარაბაღის მოვლენებიდან“, – განაცხადა გამახარიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები