თორნიკე რიჟვაძეს პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარებას ულოცავს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი ცეზარი პშიბილსკის 31 ოქტომბერს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარებულ არჩევნებს ულოცავს.
აჭარის მთავრობის პრესსამსახური პშიბილსკის ოფიციალურ წერილს ასაჯაროებს.
,,ბატონო თავმჯდომარევ, ქვემო სილეზიის ხელისუფლების სახელით მინდა მოგილოცოთ წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩატარება. დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალყურს საპარლამენტო არჩევნებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც 31 ოქტომბერს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დემოკრატიული პრინციპების დაცვით გაიმართა. აჭარის ხელისუფლების ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ეფექტურად გამართვა განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე. დაფიქსირებული აქტიურობა, განსაკუთრებით ეპიდემიის შედეგად წარმოქმნილი აშკარა სირთულეების ფონზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დიდი წარმატებაა.
გარწმუნებთ, რომ უკვე მრავალი წელია ქვემო სილეზია მხარს უჭერს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის საქმიანობას, საზოგადოების განვითარების, დემოკრატიის განმტკიცებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით.
წარმატებას გისურვებთ 21 ნოემბერს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურის გამართვაში” – ნათქვამია ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ცეზარი პშიბილსკის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.