„ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან
„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან. როგორც პარტიების ლიდერები აცხადებენ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში არ იცვლება მათი მთავარი მოთხოვნა, რაც ხელახალი არჩევნების ჩატარებას ეხება, ასევე გეგმავენ საპროტესტო აქციების გაგრძელებასაც, რომელთაგან ერთი საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს გაიმართება.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ მიაწვდიან.
„ეს იქნება სანახაობრივი და არატრადიციული აქცია, ისეთი არა რომ სიტყვით გამოსვლები და მიმართვები იყოს, მაგრამ იქნება ძალიან შთამბეჭდავი აქცია პროტესტის ელემენტებით და ჩვენ გვინდა მივაწვდინოთ ამ აქციით ხმა სახელმწიფო მდივანს იმ რეალობაზე და პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არის დამდგარი ხელისუფლების წყალობით. ჩვენი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები უშუალოდ მიაწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო მდივანს ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ. თუ ჩაინიშნა შეხვედრა ოპოზიციასთან ეს იქნება ძალიან კარგი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.