ვარშავაში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა – გამოყენებულია ცრემლსადენი გაზი (ფოტო, ვიდეო)

ვარშავაში 11 ნოემბერს სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 35 პოლიციელი დაშავდა, მათი ნაწილი ჰოსპიტალიზებულია.

პოლონური მედიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, თუმცა, 270 უკვე გათავისუფლებულია. ამასთან,  260-ზე მეტს ჯარიმა გამოუწერეს, 36 წინააღმდეგ კი  სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

როგორც ვარშავის პოლიციის უფროსმა, სილვესტრ მარჩაკმა განაცხადა, არეულობის დროს ასევე ამოღებულია პიროტექნიკის 100 ერთეული, იარაღი და ნარკოტიკი.

პოლონეთის დედაქალაქში გუშინ ტრადიციული, ყოველწლიური “დამოუკიდებლობის მარში” ჩატარდა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე წლისთავს მიეძღვნა.

მარშის ჩატარება კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში იყო აკრძალული, რადგან ხელისუფლებამ მასობრივი ღონისძიებების გამართვა აკრძალა.

პოლიციელებმა მრავალჯერადი გაფრთხილებების შემდეგ, აქციის მონაწილეთათვის გზის ბლოკირება გადაწყვიტეს, ამის შემდეგ კი შეკრებილებმა ძალოვანების მისამართით სხვადსხვა ნივთის სროლა დაიწყეს.

გარდა ამისა, პონიატოვსკის ხიდთან აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ფანჯარაში რამდენიმე პეტარდა ისროლეს, სადაც ლგბტ-თემის დროშა ეკიდა, ბინაში ცეცხლი გაჩნდა.

ქალაქში არეულობა რამდენიმე ლოკაციაზე ხდებოდა. დე გოლის მოედანზე აქციის მონაწილეების ნაწილმა პოლიციელებს დაესხა თავს.

ამის შემდეგ კი, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოში, პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, ასევე, გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები