ვლადიმირ ვაისი: ხვალ ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა – ან გმირები ვიქნებით ან ჩავფლავდებით

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

“გამარჯობა. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.

წინა პრესკონფერენციაზე როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.

დანაკლისი დიდია, თუმცა, გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები.

იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.

კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.

პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში – 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ჩავფლავდებით. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ”.

წყრაო: sportall.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები