რისი ეშინია პუტინს და რატომ დაიწყო მან სამართლებრივ გარანტიებზე ფიქრი ?!

რუსულ წყაროებზე დაყრდნობით,  ბრიტანული გამოცემები: Daily Mail-ი, The Sun-ი და სხვები იმაზე ალაპარაკდნენ, რომ რუსეთის 68 წლის  პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პარკინსონის დაავადების სიმპტომები აქვს და ავადმყოფობის გამო ვადაზე ადრე მისი თანამდებობიდან წასვლა დააანონსეს. გავრცელებულ ინფორმაციას კრემლში უარყოფენ და აცხადებენ, რომ პუტინი თავს შესანიშნავად გრძნობს. თუმცა, მომავალი წლისთვის  რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო გადადგომაზე მითქმა-მოთქმა კიდევ უფრო გაამძაფრა 5 ნოემბერს რუსეთის დუმაში ინიცირებულმა კანონმა, რომელიც ქვეყნის ექსპრეზიდენტების მიმართ სამართლებრივი გარანტიების მაქსიმალურ გაზრდას ითვალისწინებს.

ამჟამად მოქმედი ფედერალური კანონი  – “პრეზიდენტის გარანტიების შესახებ, რომელმაც შეწყვიტა თავისი უფლებამოსილება და მისი ოჯახის წევრები” ყოფილ სახელმწიფო მეთაურს მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას ჩადენილი დანაშაულებისგან იცავს. ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთის ექსპრეზიდენტის იმუნიტეტი განურჩევლად ნებისმიერი პერიოდის იმ დანაშაულზე გავრცელდება, რაც მას სიცოცხლის განმავლობაში ჩაუდენია ან ჩაიდენს.

გარდა ამისა, გართულდება ყოფილი პრეზიდენტის გაფართოებული იმუნიტეტის გაუქმება. მისი ანულირებისათვის საჭირო იქნება, რომ დუმის ქვედა პალატის მძიმე ბრალდებას, როგორიცაა მაგ. სახელმწიფო ღალატი ან სხვა მძიმე დანაშაული, ზედა პალატამ უმრავლესობით დაუჭიროს მხარი.

აშკარაა, რომ რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი აქტიურად ზრუნავს საკუთარ პოსტპრეზიდენტურ უსაფრთხოებასა და დასაქმებაზე. ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს პუტინმა საკანონმდებლო სათათბიროში განსახილველად ახალი კანონი შეიტანა, რომელიც საშუალებას მისცემს მას, პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ, ფედერაციის საბჭოს მუდმივი  წევრობა მოიპოვოს.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის იმუნიტეტის შესახებ კანონპროექტი საკმაოდ გამართლებულია  და ეს არის პრაქტიკა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. მან ,,ლოგიკური,, უწოდა ამ ინიციატივას და აღნიშნა, რომ ახალ კონსტიტუციასთან მთელი რიგი კანონების მორგება ხორციელდება. „ეს არ არის ინოვაცია, უბრალოდ, იბადება სახელმწიფოს მეთაურის გარანტიების ამჟამინდელი სტატუსი“, – თქვა პესკოვმა.

პოლიტოლოგების უმრავლესობას პუტინის გადადგომის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვს. მათ პროგნოზის გაკეთება უჭირთ, მაგრამ თანხმდებიან იმაში, რომ პუტინი საკუთარი თავისთვის გარანტიების შექმნით არის დაკავებული. რუსი პოლიტოლოგი, დიმიტრი ორეშკინი „დოიჩე ველესთან“ საუბრისას აცხადებს – „პუტინს არ სჯერა თავისი კოლეგების, მან ყველაზე კარგად იცის, თუ რა პუბლიკასთან აქვს საქმე. მემკვიდრე, რომელმაც პუტინს შეიძლება, თვალებში უყუროს და კუდი უქიცინოს, ერთი წლის შემდეგ თავის წინამორბედს ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეების გამო დაადანაშაულებს“.

“ეკონომიკა კვდება, ხალხი ღარიბდება, პუტინის რეიტინგი ეცემა და საპროტესტო განწყობები იზრდება. ამ სიტუაციაში, პუტინს ყველაზე არასასურველ სცენარზე უწევს ფიქრი და მზადება, განსაკუთრებით – ბელარუსში მიმდინარე მოვლენების ფონზე”, –  განმარტა ექსპერტმა, აბას გალიამოვმა „ღია მედიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მსოფლიოში არაერთი პრეცედენტი არსებობს, როცა ყოფილი პირველი პირების წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებით გამოძიება დაიწყო. მათ შორის არიან საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი  – ნიკოლა სარკოზი,  ეგვიპტის ყოფილი მეთაური – მუჰამედ მურსი, სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი – პაკ კინ ჰე, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი – მიშელ ტემერი, უკრაინის ყოფილი მეთაური  – ვიქტორ იანუკოვიჩი, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი – ალმაზბეკ ატამბაევი, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი – რობერტ ქოჩარიანი.

ამ ჩამოთვლილი სამართლებრივი დევნის შემთხვევების ფონზე, ჩნდება ლოგიკური კითხვა,  რამდენად უშველის პუტინს დამატებითი ხელშეუხებლობა და გარანტიები? ალბათ, პასუხიც უფრო მარტივია, ვიდრე ეს ჩვენ გვეჩვენება. წარმოუდგენელია, რაიმე სამართლებრივი გარანტიების მიღება იმ არასამართლებრივ სახელმწიფოში, რომელსაც  რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი  წლებია, საკუთარი ხელებით „აშენებს“.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები