რამაზ საყვარელიძე: “ნაციონალების” 27% იმდენად დიდია, რომ გაჩნდა აზრი, ხომ არ იყო გაყალბება მათი მხრიდან

31 ოქტომბერს არჩევნებში დამდგარი შედეგით ოპოზიცია უკმაყოფილოა და, მისი გაყალბების მომიზეზებით, ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება გაყალბებას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, მოლაპარაკებებზე საერთაშორისო აქტორების ჩართულობით მზაობას გამოთქვამს. როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები – ამ საკითხზე „კვირა“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა

საერთაშორისო საზოგადოება და დამკვირვებლები დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგის რეჟიმში გადასვლას ურჩევენ. თითქმის ყველა თანხმდება, რომ დიალოგი აუვილებელია, მაგრამ დათმობის რა რესურსი აქვთ მხარეებს?

თავიდანვე ისეთი მოთხოვნები წამოაყენეს, რომ, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ოპოზიციის რესურს. ცესკო-ს თავჯდომარის გადადგომა და განმეორებითი არჩევნების დანიშვნა ამ გადმოსახედიდან შეუძლებლად მეჩვენება. შესაბამისად, ოპოზიციისთვის უკან დახევა პარლამენტში შესვლას ნიშნავს. ეს კი არ მგონია, ამ ეტაპზე მათ გეგმაში შედიოდეს.

ასეთ შემთხვევაში მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს, რაც, ალბათ, არც ხელისუფლების ინტერესშია?

მართალია, ერთპარტიული პარლამენტი არაა კარგი. თუმცა, ვფიქრობ, რომ რამდენიმე პატარა პარტია მაინც ამ გზით წავა.

რა გაძლევთ ამგვარი ვარაუდის საფუძველს?

როგორც კი აქციებზე ხალხის რაოდენობა დაიკლებს, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის რიტორიკა და ქცევაც შეიცვლება. სწორედ ხალხის სიმრავლე აკავშირებს მათ ერთმანეთთან. ხალხის სიმრავლეს დიდწილად განაპირობებდა “ნაციონალური მოძრაობა”. სხვებს ეს არ შეუძლიათ. თუ ,,ნაციონალებიც,, ვეღარ შეძლებენ, ასე ვთქვათ, ხალხის კრიტიკული მასის მობილიზებას, მაშინ რაღა უნდათ წვრილ-წვრილ პარტიებს მათთან.

ოპოზიციამ დიდი საპროტესტო აქცია 31 ოქტომბერსვე დაანონსა, თუმცა, ერთკვირიანი სამზადისის მიუხედავად, 8 ოქტომბრის აქცია ვერ იყო ისეთი მასშტაბური, როგორსაც ოპოზიცია დაგვპირდა. არადა, არჩევნების თანახმად, 500 ათასზე მეტი მხარდაჭერი ჰყავთ. ამ ფაქტს რით ახსნით?
ჯერ ერთი, არჩევნებზე მისვლა და ქუჩაში დგომა სხვადასხვა რამაა. კლიმატური პირობები და კოვიდის საფრთხე ხალხს სახლში დარჩენისკენ უბიძგებს. არის კიდევ ერთი გარემოებაც, როცა აქციაზე გადიხარ, შენს არჩევანს საჯაროს ხდი და, როგორც ჩანს, ოპოზიციის ამომრჩევლის მნიშვნელოვან ნაწილს არ სურს საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირება და იმის გამჟღავნება, რომ, ვთქვათ, “ნაციონალებს” მისცა ხმა. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციაში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი, რატომ არ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის რაოდენობა ხელოვნურადაა გაბერილი. ,,ნაციონალების,, 27 % იმდენად დიდია და იმდენს უკვირს, რომ გაჩნდა აზრი, ხომ არ იყო გაყალბება მათი მხრიდან.

დღეს ეუთო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და კონკურენტული. საწინააღმდეგოს ამტკიცებს სახალხო დამცველი და არასამთავრობოების მნიშვნელოვანი ნაწილი. რითია განპირობებული ასეთი აცდენა შეფასებებში?

ცნობილი ფაქტია, რომ არასამთავრობოები პოლიტიზებული საზოგადოებაა და გარკვეული სიმპატიები აქვთ. არასამთავრო ორგანიზაციიდან არის მოქმედი სახლხო დამცველიც. სხვათა შორის, სუბიექტური და პოლიტიზებული ხალხი ვართ ექსპერტულ წრეებშიც. არც ესაა დასამალი და არც ის, რომ ჩვენც შეიძლება, ტენდენციურები ვიყოთ.

თქვენ რას ფიქრობთ, რა შეუძლია, გააკეთოს ცესკო-სა და ხელისუფლებას, რომ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე გაანეიტრალოს?

ალბათ, ის, რომ შესთავაზოს ოპოზიციას ხმების საჯაროდ და ღიად დათვლა. ვფიქრობ, სწორედ აქეთ მიდის და წავა პროცესები. ვინც უარს იტყვის, რომ არ მინდა გადათვლა, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, ვის რა უნდა და რა ჩანაფიქრი აქვს. თუ შეთანხმება შედგა და გადათვლის შედეგად გაირკვა, რომ ცდომილება უმნიშვნელოა, ოპოზიციას ექნება საშუალება, შევიდეს პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები