10 ნოემბერი მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღეა – ბრიგადის პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიის განხორციელებაში

10 ნოემბერი მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მე-5 საარტილერიო ბრიგადას დიდი საბრძოლო ისტორია აქვს. ბრიგადამ თავისი არსებობის პერიოდში სახელი მრავალჯერ შეიცვალა. 2018 წლის ივნისში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლის შედეგად პირველი საარტილერიო ბრიგადა აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადად ჩამოყალიბდა.

“I საარტილერიო ბრიგადა 1993 წლის 1993 წლის 10 ნოემბერს შეიქმნა. ქვედანაყოფს 1996 წელს,  მთავარსარდლის სარეზერვო საარტილერიო ბრიგადა ეწოდა. 2000 წელს, იგი ჯერ საარტილერიო პოლკად, ხოლო 2004 წელს, საარტილერიო დაჯგუფებად გარდაიქმნა. 2005 წელს, საარტილერიო დაჯგუფების ბაზაზე, საარტილერიო ბრიგადა ჩამოყალიბდა, რომელიც იმავე წელს თბილისში, ხოლო 2006 წელს გორში განლაგდა. 2007 წელს, საარტილერიო ბრიგადაში ქალაქ ხონის ცალკეული საარტილერიო დაჯგუფება შეიქმნა. 2008 წელს, I საარტილერიო ბრიგადის გაყოფის შედეგად, II საარტილერიო ბრიგადა ჩამოყალიბდა.

​I საარტილერიო ბრიგადა, 1992 წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საომარ მოქმედებაში მონაწილეობდა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი დაპირისპირებების დროს, 1993 წლის 15-17 მარტს მდინარე გუმისთასთან ქართულმა საარტილერიო ქვედანაყოფებმა სეპარატისტთა ჭარბი ძალები წარმატებით მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. მოგვიანებით, 1993 წლის 2 ივლისს ქართველმა არტილერისტებმა ტამიში-ოჩამჩირის ოპერაციაში მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების სადესანტო ქვედანაყოფები გაანადგურეს.

I საარტილერიო ბრიგადა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აქტიურად ჩაერთო, სადაც ქართულმა არტილერიამ, ეფექტური დარტყმებით, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის დიდი რაოდენობის განადგურება შეძლო, რითაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალ ების წინსვლა შეყოვნდა. I საარტილერიო ბრიგადის ქვედანაყოფები არაერთი საველე და სამეთაურო-საშტაბო სწავლების მონაწილეა. ბრიგადის პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი, კოალიციური ძალების ფარგლებში, ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიის განხორციელებაში”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

2020 წლის 15 აგვისტოდან საარტილერიო ბრიგადას ვიცეპოლკოვნიკი, გიორგი გრიგოლის ძე ჩიხლაძე ხელმძღვანლობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები