თავდაცვის სამინისტროს გუნდი – ,,არმია” სუპერლიგის გამარჯვებულია
თავდაცვის სამინისტროს გუნდი – „არმია“ მინიფეხბურთის ტურნირის, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლის სეზონის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონი და ოთხგზის გამარჯვებული “პსპ” 1:0 დაამარცხა და შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. მინიფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატში – ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაშიც დაჯილდოვდნენ. შეჯიბრის საუკეთესო ფეხბურთელად არმიის კაპიტანი, კაპრალ-სპეციალისტი – გიგა ბერაია დასახელდა. არმიის ფეხბურთელებმა, ასევე, შეჯიბრის საუკეთესო მეკარისა და მცველის ნომინაციებშიც გაიმარჯვეს.
არმიამ გასულ სეზონში სპორტულ სააგენტო SMB-ის ორგანიზებით გამართულ ოქროს ლიგაშიც გაიმარჯვა და უმაღლეს დივიზიონში, სუპერლიგაში პირველივე ასპარეზობა ტიტულით დაასრულა.