ვახტანგ მაისაია: ახლა მთავარია, ბაიდენთან საერთო ენის გამონახვას საქართველოდან ვინ უფრო მალე და უკეთესად მოახერხებს – ივანიშვილი თუ ბოკერია
“მიუხედავად იმისა, თეთრ სახლში ტრამპი იჯდება, ბაიდენი თუ სხვა ვინმე, ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება და სახელმწიფოებრივ დონეზე პარტნიორობა ყოველთვის გაგრძელდება”, – ასე აფასებს ამერიკის პოლიტიკური სისტემის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ მაისაია აშშ-ში 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვებას.
მაისაიას თქმით, ახლა მთავარია, ბაიდენთან საერთო ენის გამონახვას საქართველოდან ვინ უფრო მალე და უკეთესად მოახერხებს – ბიძინა ივანიშვილი თუ გიგა ბოკერია.
“მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისტი ვარ და ძალიან მინდოდა, მეორე ვადითაც გამხდარიყო ამერიკის პრეზიდენტი, უნდა ვაღიარო, რომ მის დამარცხებას ბევრი ობიექტური წინაპირობა ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, თეთრს სახლში ტრამპი იჯდება, ბაიდენი თუ სხვა ვინმე, ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება და სახელმწიფოებრივ დონეზე პარტნიორობა ყოველთვის გაგრძელდება. რაც შეეხება იდეოლოგიურ მიმართულებას, ტრამპი კონსერვატიული, ტრადიციონალისტური შეხედულებების მიმდევარია და ლიბერტარიანელი და გლობალისტური პოლიტიკის ადეპტია. შესაბამისად, ამერიკის სათავეში ბაიდენის მოსვლა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც კვლავ წაახალისებს ნეოლიბერალურ ძალებს, რომლებსაც ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში პოზიციები და გავლენები შესუსტებული ჰქონდათ.
ნურავის ექნება ცრუ წარმოდგენა, რომ ბაიდენი სააკაშვილისა და “ნაცების” მეგობარია. არ დაგვავიწყდეს, რომ აშშ-მა სწორედ ობამას პრეზიდენტობისა და ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის დროს დაუსვა წერტილი საქართველოში სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის ბოგინს. დიახ, სწორედ ობამამ და ბაიდენმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი იმაში, რომ 2012 წელს სააკაშვილმა ძალაუფლების მიტაცება ვეღარ გაბედა და იძულებული გახდა დამარცხება ეღიარებინა. 8 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, რომელიც, რა თქმა უნდა, ობამასა და ბაიდენის ადმინისტრაციის ინსტრუქციებს ასრულებდა.
ახლა მთავარია, ბაიდენთან საერთო ენის გამონახვას საქართველოდან ვინ უფრო მალე და უკეთესად მოახერხებს – ბიძინა ივანიშვილი თუ გიგა ბოკერია. თუ ივანიშვილი მისთვის დამახასიათებელ პასიურობას გამოიჩენს და საიდუმლო ორდენის მეთაურივით ჩაიკეტება, ბოკერია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას დაალაგებს და მისი პარტია ბაიდენისა და დემოკრატების მთავარი მოკავშირე გახდება.
არა მგონია, ამერიკის ადმინისტრაციამ საქართველოში ამერიკის ელჩი – კელი დეგნანი გამოცვალოს. ბაიდენმა, რომელიც საგარეო პოლიტიკას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ბერკეტით აღჭურვოს.
სააკაშვილი ჩამოწერილი საქონელია და ,,ნაცმოძრაობას,, ამერიკისა და დასავლეთის მხარდაჭერა არ ექნება. ერთადერთი, ვინც შეიძლება სააკაშვილი საქართველოსთან მიმართებაში დესტაბილიზაციის იარაღად გამოიყენოს, ეს არის რუსეთი, რომელთანაც მას ყოველთვის ჰქონდა და დღესაც აქვს ძალიან მჭიდრო უერთიერთობა”, – განაცხადა მაისაიმ.