ირაკლი კობახიძე ლევან თარხნიშვილის განცხადებაზე: ამ პოლიტიკური ძალის ბუნებაა, რომ არად დაგიდევენ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას, თუ ვინმე წესებს დაარღვევს, რეაგირება იქნება

“ამ პოლიტიკური ძალის ბუნებაა, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას არად დაგიდევს – თუ ვინმე წესებს დაარღვევს, რეაგირება კანონის შესაბამისი იქნება”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის ფეისბუქპოსტს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას შესაბამისი რეაგირება ექნება.

„ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმა, პარტნიორებმა გააკეთეს განცხადება, მოწოდება კოვიდის რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით. ეს ზუსტად კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ესენი არიან აბსოლუტურად ანტიდასავლური პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც არად დაგიდევენ, მათ შორის მთავარი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს და გვერდზე რომ გადავდოთ, თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, ისინი არად დაგიდევენ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ეს არის ამ პოლიტიკური ძალის ბუნება. თუ ვინმე დაარღვევს იმ წესებს, რომელიც არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, ბუნებრივია, რეაგირება იქნება კანონის შესაბამისი“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ლევან თარხნიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა: „არ ვატარებ პირბადეს და არ ვემორჩილები კომენდანტის საათს. წერტილი“,- დაწერა თარხნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები