ბექა დავითულიანი: არჩევნები 5%-იანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, „ქართული ოცნება” იქნებოდა წარმოდგენილი 100 მანდატით, „ნაცმოძრაობა” კი, 50 მანდატით
პარტია “ქართული ოცნების” საარჩევო სიის წევრის, ბექა დავითულიანის განმარტებით, ის, რომ “ქართულ ოცნებას” პროპორციული სიით მინიჭებული მანდატების ნახევარზე მეტი რაოდენობა არ აქვს, ნიშნავს პლურალისტურ პარლამენტს, რადგან ყველა პარტია, რომელმაც 1%–იანი ბარიერის გადალახვა შეძლო, არის პარლამენტში წარმოდგენილი.
მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით რომ ჩატარებულიყო, 5%–იანი ბარიერით მხოლოდ „ქართული ოცნება” იქნებოდა წარმოდგენილი 100 მანდატით და „ნაციონალური მოძრაობა” – 50 მანდატით. არცერთი სხვა პარტია დღეს პარლამენტში არ იქნებოდა”.
მისი თქმით, მოსახლეობის უმრავლესობამ თქვა, რომ „ქართული ოცნება” არის პირველადგილოსანი პარტია.
„კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ, რომ სრულად პროპორციული არჩევნების გზით უნდა მომხდარიყო პარლამენტის არჩევა 2024 წელს. 2020 წელს მოხდა მორიგება იმაზე, რომ ყოფილიყო მეტად პროპორციული, ვიდრე იყო საარჩევნო სისტემა ოდესმე ამ ქვეყანაში და ამის პარალელურად, რა ხაზს ავითარებდა ძირითადი ოპოზიციური ძალა, რომლისკენაც, სამწუხაროდ, ახლა ყველა სხვა ოპოზიციური ამომრჩევლის ხმა წავიდა? სააკაშვილი გამოდიოდა და ამბობდა რა პროპორციულობა, ესენი უნდა გადააგდოთ – მუდმივად ავითარებდა ამ დაძაბულობისა და რევოლუციურ სცენარს მეორე მხარის ძირითადი ბირთვი, პლატფორმა, ანუ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია.
ის, რომ დღეს, დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნებას” ნახევარზე მეტი, პროპორციული სიით მინიჭებული მანდატების რაოდენობა არ აქვს, არის სრულად პლურალისტური პარლამენტი – ყველა პარტია, რომელმაც 1%–იანი, პრაქტიკულად ბუნებრივი ბარიერი გადალახა, არის პარლამენტში წარმოდგენილი. ეს მოცემულობაა დღეს. იმ სცენარს რომ გავყოლოდით, ახლა ეს პარტიები პარლამენტში ვერ იქნებოდნენ. მეტსაც გეტყვით, რასაც გვთავაზობდნენ, სრულად პროპორციულის შემთხვევაში 2020 წლისთვის, 5%–იანი ბარიერით, სრულად პროპორციულს, მხოლოდ „ქართული ოცნება” იქნებოდა წარმოდგენილი 100 მანდატით, და „ნაციონალური მოძრაობა” 50 მანდატით. არც ერთი სხვა პარტია დღეს პარლამენტში არ იქნებოდა.
მე მინდა მოსახლეობას დავანახო სურათი, როგორ ვითარდება და დრამატურგია. ახლა მოვედით მდგომარეობამდე, რასაც აანონსებდა დღევანდელი ოპოზიციის ძირითადი ბირთვი „ნაციონალური მოძრაობის” სახით – მან იცოდა, რომ ვერ მოიპოვებდა სრულ ხელისუფლებას და ამისთვის მთელი ეს პერიოდი, თავისი ტელე-გამოძიებით და გამოძიების ვერსიებით, რომლებთაგან არცერთი არ მთავრდებოდა. მოვედით იქამდე, რასაც მოსახლეობა ითხოვდა, რომ პარლამენტი ყოფილიყო ჭრელი და ყველას ხმა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში – მოსახლეობის უმრავლესობამ თქვა რომ „ქართული ოცნება” არის პირველადგილოსანი პარტია და იმიტომ, რომ მეორე მხარე დესტრუქციულ სცენარს ავითარებს, გამოდის, რომ მოსახლეობა იღებს შედეგს, რადგან ვერ მოიგო იმ ერთმა მხარემ სრულად და ვერ აიღო ხელისუფლება, მაშინ პარლამენტი საერთოდ დავტოვოთ ერთპარტიული ანუ მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგო შედეგი დგება ამ სცენარით”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.