ოკუპირებულმა ცხინვალმა მოსკოვს 20 მილიონამდე რუბლის დახმარების თხოვნით მიმართა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ აცნობა.

კოვიდ ვირუსისგან გამოჯანმრთელებული დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების მუშაობით უკმაყოფილოა. ორი დღის წინ ის სპეციალური ეკიპირებით კოვიდჰოსპიტლის „წითელ ზონაში“ შევიდა და პაციენტებს გაესაუბრა. ბიბილოვმა ექიმების მუშაობა უარყოფითად შეაფასა

დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ტოტჩიევმა აღნიშნა რომ ზოგ კლინიკაში მედიკამენტების დეფიციტია და ეს განაპირობებს მკურნალობის ხარისხს. გარდა ამისა, მან არ გამორიცხა, რომ ეპიდემიოლოგიური აფეთქება კიდევ ორ-სამ თვეს გაგრძელდეს, ამიტომ, უწყებამ რუსეთის ფედერაციას ფინანსური დახმარებისთვის უკვე მიმართა. ცხინვალი კორონავირუსთან საბრძოლველად რუსეთისგან 20 მილიონამდე რუბლს ითხოვს. ბიბილოვმა ტოტჩიევს კიდევ ერთხელ დაავალა იმ მედიცინის მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლება, ვინც ,,წითელ ზონაში,, მუშაობაზე უარს ამბობს.
„არის მედპერსონალის კატეგორია, რომელის უარს ამბობს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე იმის შიშით, რომ კოვიდ-19-ით დაინფიცირდება. პირადად ჩემთვის ეს გაუგებარია. მიმაჩნია, რომ სამხედრო პირი, რომელიც გარბის ბრძოლის ველიდან, დეზერტირია. მიმაჩნია, რომ ექიმი ან მედმუშაკი, რომელიც ამ ვითარებაში გარბის, ისიც დეზერტირია. თუ ექიმებსა და მედმუშაკებს ეშინიათ, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ უბრალო ადამიანებმა?“, – ამბობს ანატოლი ბიბილოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები