ირმა ინაშვილი: თბილისის ნაცვლად, პირველი აქცია 9 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება
“7 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია აღარ ჩატარდება. მის ნაცვლად, პირველი აქცია ჩატარდება ქუთაისში 9 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე დავით აღმაშენებლის მოედანზე, თეატრის წინ!”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა.
“კვლავ ვამბობთ: საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა!
ვითხოვთ, – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. მანამდე უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე!
ამასობაში, „ქართული ოცნება“ ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებს პროპაგანდისტულ კამპანიას,- თითქოს, ჩვენ არ ვმოქმედებთ მარტო! ერთი მხრივ, ცდილობს, დათესოს აზრი, თითქოს, ჩვენ ვმოქმედებთ სააკაშვილის, ბოკერიასა და სხვა პარტიებთან ერთად, მეორე მხრივ, ცდილობს დათესოს აზრი, თითქოს, ჩვენ რუსეთის დავალებით ვაპირებთ დესტრუქციულ ქმედებებს. ამის პარალელურად, ინერგება აზრი, თითქოს ჩვენ უკანონო, ბანდიტურ მოქმედებებს ვგეგმავთ, რაც სრული აბსრუდია!
მორიგჯერ ვამბობ: ჩვენი პარტია ყოველთვის მარტო მოქმედებდა და დღესაც მარტოა! ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ჩვენი სტრატეგიითა და ტაქტიკით!
ზემოთ დავასახელე რამდენიმე თემა იმ პროპაგანდისტული კამპანიიდან, რასაც „ქართული ოცნება“ ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი აქცია ჩავატაროთ არა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, არამედ დავიწყოთ აქციები ქუთაისიდან. პირველი აქცია ჩატარდება ქუთაისში, ნაცვლად თბილისისა! შემდეგი აქციები გაიმართება სხვა ქალაქებში და ბოლოს, ჩვენ შევიკრიბებით თბილისში!
ამგვარად, 7 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია აღარ ჩატარდება. მის ნაცვლად, პირველი აქცია ჩატარდება ქუთაისში, 9 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, დავით აღმაშენებლის მოედანზე, თეატრის წინ! აქვე გამოცხადდება შემდეგი აქციების ჩატარების გეგმა! იმ თბილისელებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ჩვენს აქციაში, 9 ნოემბერს, დღის 1-ელი საათიდან სამარშრუტო ავტობუსები იდგება თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე.
მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენს აქციებზე დაცული იქნება დისტანცია, ყველა მონაწილეს დაურიგდება ნიღაბი. დაცული იქნება ყველა სტანდარტი”, – წერს ირმა ინაშვილი.