„არ შევდივართ საერთო ოპოზიციურ სპექტრში და არ ვმონაწილეობთ ამ სპექტაკლში“ – „საქართველოს განვითარების პარტიის“ ლიდერები

“არ შევდივართ საერთო ოპოზიციურ სპექტრში და არ ვმონაწილეობთ ამ სპექტაკლში”, – ამის შესახებ არჩევნებში მონაწილე, „საქართველოს განვითარების პარტიის“ ლიდერმა, თენგიზ ტყეშელაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პარტიის ლიდერებმა: თენგიზ ტყეშელაშვილმა, გიორგი გონჯილაშვილმა
და გაიოზ გომართელმა განაცხადეს, ისინი ამომრჩევლებს დაჰპირდნენ, რომ არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერები არ იქნებოდნენ.

„ჩვენი გუნდი საპარლამენტო არჩევნებში ვმონაწილეობდით „საქართველოს განვითარების პარტიის“ სახელით. გვინდა, ჩვენს ამომრჩევლებს მადლობა გადავუხადოთ. ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ საკმაოდ ბევრი ხმა წაგვართვეს, დაახლოებით, 2/3 ხმებისა წაგვართვეს.
ჩვენ დღეს გვინდა, შევეხოთ 3 მნიშვნელოვან საკითხს: პირველია ჩვენი მიდგომა ახლანდელ მოვლენებზე, რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ დღეს. მეორე – რატომ არ შევდივართ საერთო ოპოზიციურ სპექტრში და არ ვმონაწილეობთ ამ სპექტაკლში. მესამე – რა არის ჩვენი გეგმები.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ეს 6 თვეში იქნება თუ 1 წელიწადში. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაწყნარდეს ქვეყანა“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
გიორგი გონჯილაშვილმა განმარტა, რატომ არ დგანან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.

„რატომ არ ვიღებთ მონაწილეობას ოპოზიციურ ე.წ. ერთობაში: ჩვენ სამი დღეა, ვესაუბრებით ჩვენს ამომრჩევლებს. ჩვენ გვქონდა დაპირება მიცემული, რომ არ ვიქნებოდით არცერთი ჯგუფის მხარდამჭერი, იქნებოდა ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ჩვენი მხარდამჭერების მხრიდან არის დაკვეთა, რომ გავაგრძელოთ ეს გზა. ეს გზაა – შემოვიკრიბოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მომავალ, ძლიერ ქვეყანას რეალურად შექმნიან“, – განაცხადა გონჯილაშვილმა.

გაიოზ გომართელის თქმით, პარტია ამომრჩევლის ერთგული რჩება.

„ჩვენ ვრჩებით ჩვენი ამომრჩევლის ერთგულები. ეს ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, საქართველოში რეალურად გავაჩინოთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იქნება მიკერძოებული სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებისადმი”, – განაცხადა გომართელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები