ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე, ამერიკის არჩევნებსა და ქართულ პოლიტიკაზე მის გავლენაზე ,,კვირა“ ისტორიკოსს, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს, ედიშერ გვენეტაძეს ესაუბრა:
-არჩევნების წინ არაერთ ინტერვიუში აცხადებდით, რომ ,,ქართული ოცნება“ 50-53%-ით გაიმარჯვებდა. პროგნოზში სულ ორიოდ პროცენტით შეცდით. რა გაძლევდათ ასეთი პროცენტის ვარაუდის საფუძველს?
-ჯერ ერთი, ამ პარტიის სათავეში დგას ადამიანი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედია, რომელსაც ამომრჩეველი ენდობა. მას კი ოპოზიციად ნეოტროცკისტები ჰყავს. ესაა ქართული არჩევნების მოცემულობა უკვე მესამე არჩევნებია და ვიდრე მოცემულობა არ შეიცვლება, ,,ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გარანტირებული ექნება გამარჯვება.
-2024 წელსაც იმავე საარჩევნო სურათს წინასწარმეტყველებთ?
-არჩევნებს სჭირდება დიდი ფული. როგორც ჩანს, 2024 წელს სააკაშვილის პარტია ასეთ ფინანსურ დანახარჯს ვეღარ გასწევს, რადგან მათი როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური რესურსი ამოწურულია. ვიმედოვნებ, ამასობაში 2-3 ისეთი ახალი პარტია გამოჩნდება, რომელიც კონკურენტუნარიანი აღმოჩნდება საარჩევნო ბაზარზე და ამომრჩეველთა ნდობასაც მოიპოვებს. არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეებმა მხოლოდ ,,ნაცებსა“ და ,,ქოცებს“ შორის აკეთონ არჩევანი.
-შედარებით პატარა პარტიები 2020-ს არჩევნებში ძალიან დაიჩაგრნენ. მათ, ვისაც არ ჰონდა დიდი ფინანსები, ვერც უზარმაზარი ბანერებით მოჰფინეს ქალაქები და ვერც სარეკლამო დრო იყიდეს.
-გეთანმებით, თუმცა, როგორც იმერეთში იტყვიან, დღეს, გაშანშალებული კაპიტალიზმის ეპოქაში ყველაზე მეტად პატარა პარტიები ზარალდებიან. ვფიქრობ, საქართველოში პარტიები თემატურად უნდა გაერთიანდნენ. მხოლოდ ასე ექნებათ სამომავლოდ შანსი, მოვიდნენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.
-მაინც როგორ?
-სოციალურ საკითებზე მომუშავე პარტიები ერთად უნდა დადგნენ, ეროვნულ საკითხებზე ორიენტირებული პარტიები, რომელთათვისაც ,,მამული, ენა, სარწმუნოება“ კვლავ პრიორიტეტია – ერთად, მემარჯვენე პარტიები გაერთიანდნენ და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში, ვერც მომავალ პარლამენტებში მოხვდებიან, თუნდაც, 1%-იანი ბარიერის შემთხვევაშიც კი. 3-4 ძლიერი პარტიის თუ პარტიული კავშირის არსებობა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ქართველი ხალხის პოლიტიკური მოთხოვნები.
– ბარიერგადალახულ პარტიებს როგორ შეაფასებდით?
-სამწუხაროდ, პარტიათა დიდი უმრავლესობა ქართულ პოლიტიკაში მოდის 3 ამოცანის შესასრულებლად: 1 – იდეების განსახორციელებლად; 2 – იდეების განსახორციელებლად და ფულის საშოვნელად; 3 – ფულის საშოვნელად. თითოეულ ამ პარტიას აქვს არა სოციალური, არამედ – პიროვნული ამოსავალი წერტილი და ეს ისტორიულადაც ასე იყო. მაგალითად: წავიდა ზვიად გამსახურდია პოლიტიკიდან და დაიშალა ,,მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო.“ წავიდა შევარდნაძე და დაიშალა ,,მოქალაქეთა კავშირი.“ ,,ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება. თუ ის პოლიტიკიდან წავა, ეს პარტიაც დაიშლება. ასევეა ,,ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ საააშილის ავტორიტეტს დაფუძნებული. თუ მიშა აღარ იქნება, აღრ იქნება ,,ნაციონალური მოძრაობაც.“ მომავალი ხელისულების მთავარი ამოცანა საშუალო ფენის ჩამოყალიბება უნდა გახდეს, რომელიც სამართლიანად მოითხოვს საკუთარ ადგილს პარლამენტში.
-საშუალო ფენას დღეს ქართულ პოლიტიკაში ,,ლელო საქართველოსთვის წარმოადგენს“.
-“ლელო” ბანკირების პარტიაა და არა – საშუალო ფენის ინტერესების დამცველი. ისინი სოციალურ სიტუაციას ქვეყანაში ვერ გააჯანსაღებენ, რადგან ყველას გვახსოვს ის საბანკო პროცენტები და ულმობლობა, რითაც ბანკირები საქართველოს მოსახლეობას უსწორდებოდნენ. თუ ხაზარაძეს ამ პარტიის დაფინანსება აღარ მოუნდება, ,,ლელოც“, უბრალოდ, დაიშლება… ვისურვებდი, ქართულ პარლამენტში მეხილა პოლიტიკური და არა – ფინანსური ვარსკვლავები. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის იდეებს არ ვეთანმები, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ვისურვებდი დავით უსუფაშვილისა და კახა კუკავასნაირ ვარსკვლავებს და არა – ფულის ტომრებს.
-ოპოზიცია სპეციალურ დოკუმენტებს ქმნის და ხელს აწერს, რომ პარლამენტში არ შევა…
-ისე შევლენ, როგორც დაგიბარებით. ახლა ოპოზიცია ტრაგიკომიკურ სიტუაციაშია.
31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა ცნო დასავლეთმაც, აღმოსავლეთმაც და სამხრეთმაც. ერთადერთი, ვისაც ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია – ჩრდილოეთია. მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია არეულობა და დესტაბილიზაცია საქართველოში, ამიტომაც არ ჩქარობს არჩევნების შედეგების აღიარებას. ოპოზიცია წინასწარვე აცხადებდა, რომ ისინი დაემორჩილებოდნენ უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებს. ყველა ექსპერტმა საკუთარ დასკვნაში დაწერა, რომ საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამებოდა ადამიანის უფლებებს. მართალია, იყო ხარვეზები, რომლებიც შემდგომში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღმოფხვრას, თუმცა, ასეთი მცირე სახის ხარვეზები ახასიათებს ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის არჩევნებსაც. ნახეთ, რა ხდება ამერიკაში! ოპოზიციის ჯიუტობა პარლმენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით ქუთაისის ტორპედოსა და კიევის ,,დინამოს“ თამაშს მაგონებს ქუთაისის სტადიონზე. მოწინააღმდეგეს უტევს ჯემალ ჩახავა, ,,დაარტყა პენალტი!“, -უყვირის გააფთრებით რომელიღაც მაყურებელი. ,,არ მაძლევს სუდია!“-პასუხობს ფებურთელი. ,,ვინ კითხავს სუდიას?“ -ისევ ყვირის მაყურებელი და სტადიონი სიცილით იხოცება. დღევანდელ ოპოზიციას არ სურს მარცხის აღიარება. წავაგეთ, მაგრამ არ წაგვიგიაო, გაჰყვირიან. ისინი უარყოფენ დასავლური თამაშის წესებს.
ამის კლასიკური მაგალითია ბადრი ჯაფარიძის კომენტარი ეუთო/ოდირ-ის ოფისთან. რა გითხრეს დასავლელმა პარტნიორებმაო, ეკითხებიან ჟურნალისტები. არჩევნების ბედს ქარველი ხალხი წყვეტსო – უპასუხა ჯაფარიძემ. თანაც, ეს ფრაზა სამჯერ გაიმეორა. ასეთ ადამიანს რა უნდა პარლამენტში, რომელმაც ისიც კი ვერ გაიგო, რა უთხრეს ეუთო-ში?
-დღევანდელი ოპოიციის არაპირდაპირი მოთხოვნა ხელისუფლების გადაბარებაა?
-ამ ადამიანებს ავიწყდებათ პოლიტიკური თამაშის მთავარი წესები. დემოკრატია ძალაა, თუმცა, თუ ჩერჩილს დავესესხებით, მასზე უკეთესი მმართველობის ფორმა მსოფლიოს ჯერაც არ გამოუგონია. დემოკრატია არის მთავარი პოლიტიკური თამაშის წესი და შეუძლებელია მისი ძალადობით ჩანაცვლება. არ უნდათ პარლამეტში შესვლა? ნუ შევლენ და ნურც ხელფასს აიღებენ, ნურც საპარლამენტო პრივილეგიებით ისარგებლებენ, ამისთანა ადამიანების ადგილი ხონის ფსიქიატრიულშია, ჩაუდგებათ თავში კაკო ბობოხიძე და წაუძღვება წინ, თუ ამის საჭიროება დადგა… როდესაც მთელი დასავლეთი გეუბნება: შედი პარლამენტში და იქ გამოთქვი შენი აზრებიო, მაგრამ შენ მაინც ჯიუტობ და ძალადობ, ამომრჩეველი თავად გამოგიტანს ვერდიქტს.
-ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძის დაპირისპირება საარჩევნო სპექტალის ნაწილი იყო?
-ყველა ხვდება, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ამ სახით არსებობის დიდი დრო არ დარჩენია. მელიას ლიდერობა სურს, უნდა – პარტიაში სააკაშვილის ალტერნატივა გახდეს, რომელთანაც ადრე ჩასკვნილ-ჩამარყუჟებული იყო. მიშას კი პარტიაში საკუთარი აგენტურა ჰყავს და ეს ამბები მის ყურამდეც მიდის. გუბაზის დავალება იყო მელიას გაჩუმება. მელია დღეს ,,ნაჯდომი კაცის“ ავტორიტეტით სარგებლობს, ძველბიჭობს, სამაჯურს ისვრის აქეთ-იქეთ, პოლიციას ,,აწვება“ გლდანში, პოლიტიკურ დივიდენდებს იგროვებს, ნიჭიერია, მაგრამ – ზედმეტად ამბიციური. მოგესენებათ, პოლიტიკაში არც დაგვიანება ვარგა, არც დასწრება შეიძლება. გუბაზმა, ,,დიდმა პოლიტიკოსმა“ სახალხოდ ,,გააშავა“ მელია: თქვენ რისი გამკეთებლები ხართ, თუ რამის იმედი უნდა გვქონდეს, ისევ მიშასიო. მელია მხოლოდ გუბაზის ამ ფრაზაზე ,,ავარდა“, მანამდე ჩუმად იჯდა. შე უნამუსოო, უპასუხა თანამებრძოლს (ისე, კი უთხრა, რისი ღირსიც იყო). გუბაზს ისღა დარჩენოდა, ძველბიჭობა დაეწყო. შენ რომ პატარა ბიჭი იყავი, მე ბოლშევიკებს ვებრძოდიო… მგონია, მართლა დაიჯერა, რომ ქაქუცას შეფიცულთა რაზმის წევრიც იყო და 1924 წლის – აჯანყების მონაწილეც. მელიამ სანიკიძეს ახლო წარსულიც შეახსენა: ხან ბიძინას აქებ, ხან – მიშას და მომავალშიც ვინმეს შეაქებო, ბოლომდე გაათახსირა გუბაზი და ამით მიშასაც წასწვდა. ეტყობა, ნიკას თავისი დასაყრდენი ჰყავს პარტიაში. ბელადის ლანძღვა ჯერ ჩერგოლეიშვილმა დაიწყო, მერე – ბოკერიამ, მოგუდულად სხვებმაც დაიწყეს მისი კრიტიკა. დღეს სააკაშვილი აღარავის უნდა საკუთარ პარტიაშიც კი. ამიტომ, მელია მალე გასათავისუფლებული, ვაკანტური ადგილის დასამკვირდებლად იბრძვის, სადაც ვერც ქურდი უგულავა გახდება ლიდერი და ვერც – სისხლის სამართლის დამნაშავე ბოკერია.
-საინტერესოა თვენი, როგორც პოლიტოლოგის აზრი ამერიკის არჩევნებზე?
-ტრამპის მომხრე ვარ, რომელმაც ღიად განუცხადა მსოფლიოს საკუთარი ფასეულობები: ,,ღმერთი, ოჯახი, სამშობლო!“. თავიდან ვიფიქრე, ეს კაცი ილიას იდეებით ხელმძღვანლობს-მეთქი. ამერიკა ახლა რთულ პერიოდს გადის. ,,ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ის ეიფორიაში აღმოჩნდა. სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის შემდეგ, მსოფლიომ გიგანტი პოლიტიკოსები ვეღარ იხილა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ჩერჩილმა, სტალინის უპირველესმა მოწინააღმდეგემ, განაცხადა: ამიერიდან პოლიტიკიდან წავიდნენ მსოფლიო ვეშაპები და სამოქმედო ველი ვირთხებს დარჩათო. მეორე მსოფლიო ომის და, განსაკუთრებით, ,,ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგი ვერ ჩამოყალიბდა. ,,კომუნიზმი დასრულდა, მომავალი ლიბერალიზმისაა“, – აცხადებდნენ ამერიკელი პოლიტოლოგები. თუმცა, სად იყო და სად არა, მსოფლიო პოლიტიკაში ახალ მოთამაშე – ჩინეთი გამოჩნდა. ამერიკაში დღეს მიმდინარე პროცესები სწორედ ჩინეთის ფაქტორითაა განპირობებული.
-რა შეიცვლება საქართველოსთვის იმ შემთვევაში, თუ არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს?
-ჩვენისთანა პატარა ქვეყნები უნდა ეცადონ, აქლემების ბრძოლაში ჭიანჭველასავით არ გაიჭყლიტონ და, საუკეთესო შემთვევაში, აქლემის ზურგზე აღმოჩდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც უნდა დაიკავოს ამერიკის პრეზიდენტის სავარძელი, საქართველო ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება და ამ მხრივ ქართულ პოლიტიკაში დიდი რყევები მოსალოდნელი არ უნდა იყოს.