გიორგი რურუა გუშინ მომხდარ ინციდენტს საგანგებო განცხადებით ეხმაურება
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუა მასზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ამის შესახებ რურუა სოციალურ ქსელში წერს.
ასევე, რურუამ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას. გუშინდელი ინციდენტის მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ რუს ოლიგარქს, ივანიშვილს. მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლება, ეს მომხდარიყო. თავდასხმების, ციხეების, წვიმის, სიცივის, გათენებული ღამეების, არდანებების შემდეგ მოდის თავისუფლება. მადლობა, მეგობრებო, თანადგომისათვის. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი – გიორგი რურუა“, – წერს რურუა.
პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ გიორგი რურუასთან დაკავშირებით განცხადება 2 ნოემბერს გაავრცელა. მათი ინფორმაციით, გიორგი რურუას, რომელიც ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ.
მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.