ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – საავადმყოფოებში ექიმებისა და ადგილების დეფიციტია
ე.წ.სამხრეთ ოსეთში უქმეებზე კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ე.წ. მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა, საავადმყოფოებში ადგილებისა და ექიმების დეფიციტია, ვითარება მძიმეა. მანამდე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ინდირა იჩენოვამ მოხალისეებს მიმართა, რომ ექიმებს დაეხმარონ.
ასევე, აღინიშნება, რომ ე.წ.რესპუბლიკაში მედიკოსების დასახმარებლად რუსეთიდან სამხედრო ექიმებია ჩასული. სამხედრო-საველე ჰოსპიტალი ქალაქის სტადიონზეა გაშლილი. გარდა ამისა, ყოველდღიურად მიმდინარეობს ქუჩებისა და დიდი ობიექტების დეზინფიცირება.
ე.წ.რესპუბლიკაში კვლავ დახურულია სკოლები, უნივერსიტეტები, ასევე, რამდენიმე საბავშვო ბაღი. საზოგადოებრივ ადგილებში ე.წ. ნიღბის რეჟიმი მოქმედებს.