არჩილ თალაკვაძე: ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც ყველა ფუნდამენტური უფლება დაცული იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც ყველა ფუნდამენტური უფლება დაცული იყო.

მისივე თქმით, საქართველომ დემოკრატიის გაძლიერებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

,,თქვენთვის ცნობილია, რომ საჯარო ბრიფინგზე გამოქვეყნდა ,,ეუთო- ოდირის” და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შემაჯამებელი შეფასებითი ანგარიში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება.

ნათქვამია, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის მიუხედავად საქართველომ შესძლო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.ეს გახლავთ საერთაშორისო საზოგადობის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მთავარი შეფასება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან, ჩვენს მიერ ჩატარებული არჩევნების შესაბამისობას განსაზღვრავს. შეფასება გახლავთ გაცილებით პოზიტიური, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნებშია მოცემული და საუბარია, რომ მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად ჩამობრძანდნენ საქართველოში, მხარი დაუჭირეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებას და აკვირდებოდნენ ჩვენს საპარლამენტო არჩევნებს.

ასევე გვსურს, რომ მადლობა გადავუხადოთ მთელ საზოგადოებას, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს- საქართველომ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ. საჯარო ბრიფინგზე ნათქვამი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები მოელიან უკვე ახალ პარლამენტთან თანამშრომლობას შემდგომი რეფორმების, კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისითდა გვსურს ჩვენი მხრიდან განვაცხადოთ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, რომ დემოკრატიული რეფორმების შემდგომ პროცესში მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან.

ეს ანგარიში გახლავთ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასება და მისი შედეგების აღიარება – ნათქვამია, რომ ის ჩატარდა კონკურენტულად და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული”,- განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები