მამუკა მდინარაძე: ეს იყო ,,ნაცების” უკანასკნელი გაფართხალება, რადგან ისინი რვა წლის განმავლობაში ელოდებოდნენ რევანშს

ეს იყო ,,ნაცების” უკანასკნელი გაფართხალება, რადგან ისინი რვა წელი ელოდებოდნენ რევანშს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აგონიაში არიან.

„მაინც და მაინც არ მჩვევია ასეთი გადახვევები, მაგრამ ეს იყო ,,ნაცების” უკანასკნელი გაფართხალება, რადგან ისინი რვა წელი ელოდებოდნენ რევანშს. მართლა მჯერა, დარწმუნებული იყვნენ, რომ რვა წლის შემდეგ ამ რევანშს მოახერხებდნენ. ახლა აქვთ სრული აგონია. შეგიძლიათ, სახეებზე შეხედოთ მათ რეაქციებს. შეგიძლიათ შეხედოთ მათი ლიდერის, მათი ბელადის რეაქციებს, რას ლაპარაკობს. უბრალოდ, კომენტარიც არ სჭირდება, უნდა მოუსმინოთ რას ლაპარაკობს იმ რეალური მონაცემის ფონზე და მიხვდებით, როგორ აგონიაში არიან ეს ადამიანები. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ, დღევანდელი, „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, მათი შვილებისთვის, თანაბრად ყველასთვის, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის იქნება უზრუნველყოფილი ხვალინდელი გაცილებით უკეთესი დღე.

არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ოჯახის წევრი იქნება. მათაც მივულოცავდი მე ამ გამარჯვებას, რადგან ქვეყანა ასცდა ძალიან დიდ უბედურებას. რა თქმა უნდა, თეორიულ უბედურებაზეა საუბარი, პრაქტიკულად, ეს შეუძლებელია. „ქართული ოცნების “ გამარჯვებით ამ ქვეყანაში გაჩნდა კიდევ ერთხელ იმის გარანტია, რომ ქვეყანა წინ წავა, იქნება მშვიდობა. ეს ქვეყანა ომის, დესტაბილიზაციის, პროვოკაციებისა და ტყუილების გზაზე კი არ ივლის, ივლის სიმართლის გზაზე თავისი პლუს-მინუსებით, შეიძლება, ბევრი ნაკლოვანებით და ბევრი შეცდომით, მაგრამ ივლის სიმართლის გზაზე, გულწრფელად და ხელისუფლებაში იქნება ისევ ის ხალხი, ვისაც თავისი მოქალაქე გულწრფელად უყვარს. ეს არის მთავარი. მართლა ასე მგონია, რომ ეს არის მთავარი. იმ ადამიანებს, რომლებიც სიძულვილით, ბოროტებით არიან განმსჭვალულები და დღე და ღამე რევანშზე ფიქრობენ, პროვოკაციებზე და იარაღით მარიაჟობაზე, უკაცრავად და, გოიმურად, საარჩევნო დღეს იარაღით წინ და უკან სიარულზე და ამით ვიღაცების შეშინებაზე, ამ ხალხს არც ახლა და არც არასდროს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. რაც ყველაზე მთავარია, დღეს ახალ, ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს სამომავლო პერსპექტივაში გაუჩნდათ შანსი იმისა, რომ დაიკავონ ამ ძალით ოპოზიციონერების, ანუ რადიკალების ადგილი და ამ ქვეყანაში იყოს საგნობრივი, რეალური და ხვალინდელ დღეზე გათვლილი ოპონირება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა, ოთხივეს შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები