კახა კალაძე: ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი – დესტრუქციული ოპოზიციის ზონდერების პროვოკაციები ძირითადად სწორედ ამ რაიონებში ფიქსირდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების მიზანი არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებაა.

კალაძის თქმით, დესტრუქციული ოპოზიციის ზონდერების პროვოკაციები ძირითადად 4 რაიონებში ფიქსირდება.

“ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების მიზანი არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებაა. ამ გეგმის შესახებ ჩვენ გვქონდა მათი ე.წ. რევოლუციური შტაბიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რაც დადასტურდა კიდეც. დღეს ამ შტაბის წევრები პისტოლეტებით შეიარაღებულები დარბიან საარჩევნო უბნებზე და გვახსენებენ იმ მძიმე საარჩევნო პრაქტიკას, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში იყო ჩამოყალიბებული. ჩვენ გავაფრთხილეთ მედია, საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნების დღის ოთხი საათიდან გეგმავდა მძიმე პროვოკაციების მოწყობას. ასევე გავაფრთხილეთ ყველა იმის შესახებ, რომ პროვოკაციების ეპიცენტრად განიხილებოდა რამდენიმე რაიონი, მათ შორის – ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი. თუ დააკვირდებით მათი ზონდერების კონცენტრაციას, მათი პროვოკაციები ძირითადად სწორედ ამ რაიონებში ფიქსირდება.

ზემოხსენებული გეგმის შესაბამისად, ინციდენტი დაფიქსირდა გლდანში, სადაც ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა, მეტსახელად „ჭყიპინამ” , მისი სახელი და გვარი, თუ არ ვცდები ირაკლი ეძგვერაძეა, მძიმე პროვოკაცია მოაწყო. ყველას შევახსენებ, რომ არჩევნები ერთი დღე გრძელდება.  დღეს საღამოს დაფიქსირდება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” შთამბეჭდავი გამარჯვება და ჩვენი პარტია მიიღებს დაახლოებით 100 მანდატს საქართველოს პარლამენტში. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის აქტივობა და მხარდაჭერა, რაც დღეს ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, ვინც ადგენდა და ახორციელებდა დესტრუქციულ გეგმებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე. ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის.
გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ, რათა იმთავითვე აღიკვეთოს კანონის დარღვევისა და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა”,- განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები