საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ააიპ ფონდ „ათინათს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ააიპ ფონდ „ათინათს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ხოლო ფონდის მხრიდან მისმა დირექტორმა, ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს ხელი.

საგარეო უწყების ცნობით, მემორანდუმი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინებული ურთიერთქმედების საფუძველზე ითვალისწინებს სამინისტროსა და ფონდს შორის თანამშრომლობას, საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში დიასპორისა და უცხოეთში მცხოვრები ქართველების აქტიურ მონაწილეობასა და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას.

ფონდის მიერ შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო ინტერნეტპლატფორმა, ქართული კულტურისა და ენის ანიმაციური სასწავლო-შემეცნებითი კურსით, განკუთვნილია საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. აქამდე სამინისტროში არსებული „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის” პროგრამა მოიცავდა შედარებით უფროსი – სკოლის ასაკის ბავშვებს.

ფონდ „ათინათთან” თანამშრომლობით, საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ქართული ენის სწავლების მიზნით შექმნილი ანიმაციური პროგრამით

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები