სენატორები რიში და შაჰინი: წლის დასაწყისში საარჩევნო სისტემის მიმართულებით განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმურობის განმტკიცებისთვის 

აშშ-ის სენატორებმა, ჯეიმს რიშმა (საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე) და ჯინ შაჰინმა საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს.„მას შემდეგ, რაც 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის ერთად ვიმოგზაურეთ, ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში დემოკრატიის გაღრმავებასა და ეკონომიკის ზრდას. მაშინ, როცა ქართველები ამ კვირის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისთვის ემზადებიან, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე პატივისცემით მოეკიდოს და დაიცვას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს საარჩევნო ყუთების ხელშეუხებლობა.

ამ წლის დასაწყისში გატარებული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო რეფორმები მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმურობის განმტკიცებისკენ. მომავალი არჩევნების კარგად ჩატარება კიდევ უფრო განამტკიცებს ამ მიღწევებს და დაადასტურებს ქართველი ხალხის მისწრაფებას, განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 პანდემიამ ხელი შეუშალა საქართველოში არჩევნების დროს საერთაშორისო დამკვირვებელთა დიდი რაოდენობით ყოფნას, ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები ყურადღებით გაადევნებენ თვალყურს ამ პროცესს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაცია არ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში. დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს მრავალი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების – ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ვუსურვებთ მათ თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო – https://www.foreign.senate.gov

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები