“აიდგილარა”, როგორც კრემლის ძველი და რეანიმირებული პროექტი – ამზადებს თუ არა კიდევ ერთხელ, მოსკოვი აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ?!
„დროა, შევიგნოთ, რომ აფხაზეთი რუსეთია“, – ეს სიტყვები ეკუთვნის აფხაზ სეპარატისტს, ზურაბ აჩბას, რომელიც 80-იანი წლების მიწურულს ორგანიზაცია “აიდგილარას” სათავეებში იდგა.
ორი დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში ორგანიზაცია “აიდგილარას” ე.წ.პრეზენტაცია გაიმართა – იმ ორგანიზაციის, რომელიც პირველად აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში 1988 წელს კრემლის დაფინანსებით გამოჩნდა. “აიდგილარას” დიდი როლი მიუძღვის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გაჩაღების საქმეში. მას დღეს სათავეში უდგას სოხუმის ე.წ.ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ე.წ.პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, კან კვარჭია.
რას წარმოადგენდა ორგანიზაცია თავის დროზე, რისთვის შეიქმნა, რა როლს ასრულებდა ის აფხაზურ პოლიტიკურ ცხოვრებაში და როგორი იყო მისი წილი პასუხისმგებლობა ქართულ-აფხაზური ომის გაჩაღებაში; ასევე, რა მიზნებს ემსახურება მისი დღევანდელი რეანიმირება – ამ და სხვა საკითხებზე “კვირა” ისტორიკოსს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, კახა კვაშილავას ესაუბრა.
კახა კვაშილავა ამბობს, რომ “აიდგილარას” გამოჩენა უკავშირდება გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს საქართველოში გაშლილი ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის პერიპეტიებს.
“კერძოდ, ხსენებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ოფიციალურად დეკლარირებული მიზანი იყო აფხაზეთში აფხაზთა ეროვნული მოძრაობის წარმართვა და აფხაზეთის „სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის“ მიღწევა საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ და საკანონმდებლო სივრცეში. თუკი ქართველები ეროვნულ და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის იბრძოდნენ და თავს სსრკ-ის მიღმა მოიაზრებდნენ, სეპარატისტულად განწყობილ აფხაზთა ლიდერები ამ დროს სსრკ-დან გამოსვლას არც კი უშვებდნენ. ამდენად, „აიდგილარა“ კრემლის ჩარევით შექმნილი ორგანიზაცია იყო, რომლის მიზანიც იმთავითვე ნათლად გამოიკვეთა: პირველი, დაპირისპირებოდა ქართველთა ანტისაბჭოურ განწყობილებას აფხაზეთის ტერიტორიაზე და მეორე, დღის წესრიგში აყენებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოშლის საკითხს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამოყოფით.
საინტერესოა, რომ „აიდგილარას“ ფორმირება ერთგვარად არაპოლიტიზებულ გარემოში – აფხაზეთის ასსრ მწერალთა კავშირის წიაღში მოხდა და მისი პირველი თავკაცი ცნობილი აფხაზი მწერალი, ალექსი გოგუა გახდა. საინტერესოა, რომ ლიტერატორთა ეს გაერთიანებაც, რომელიც, რეალურად, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის ადგილობრივი ფილიალი იყო, იმთავითვე აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბდა. ეს საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელშიც თავი უნდა მოეყარათ აფხაზეთში მოღვაწე ლიტერატორებს, რეალურად, ქართველთათვის „აკრძალულ ზონას“ წარმოადგენდა: იქ უმრავლესობას აფხაზი მწერალ-პოეტები წარმოადგენდნენ იმ დროს, როცა ქართველები ავტონომიის ეროვნულ უმრავლესობას შეადგენდნენ. მეტიც, ისეთი პოლიტიკა იყო შემუშავებული, რომ ქართველ შემოქმედთა ნაწარმოებების გამოცემა ან გვიანდებოდა, ან შეუძლებელიც ხდებოდა.
1990 წლის დასაწყისში „აიდგილარას“ ხელმძღვანლობის სათავეში მოვიდა აწ უკვე ცნობილი აფხაზი პოლიტიკოსი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივანი, სერგეი შამბა. იმავე წელს, „აიდგილარას“ ორგანიზებით, სოხუმში გაიმართა კავკასიის მთიელ ხალხთა მრავალათასიანი ასამბლეა. როგორც ამბობენ, ამ დროს მოხდა ბევრი მათგანის აფხაზეთში საგანგებოდ დატოვება პერსპექტივაში დაგეგმილ ქართველთა წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისათვის. „აიდგილარა“ აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გაჩაღების საქმეში. პრინციპში, ზუსტად ეს იყო მისი მთავარი მიზანიც, რისთვისაც კრემლმა ის შექმნა და არცთუ მცირე ფინანსური დანახარჯებიც გასწია.
ამ ორგანიზაციის თავკაცი იყო ზურაბ აჩბაც, რომელიც ასევე 80-იანი წლების მიწურულს აფხაზური სეპარატიზმის სათავეებში იდგა. მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: „დროა, შევიგნოთ, რომ აფხაზეთი რუსეთია“. ომის შემდეგ, აჩბასა და ვლადისლავ არძინბას შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. 90-იანი წლების მიწურულს ზურაბ აჩბამ დაუშვა ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების შესაძლებლობა, გარკვეული დათქმებით. თუმცა, ის მაინც გამორიცხავდა აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს ლეგიტიმურ სივრცეში. რა თქმა უნდა, ქართველთა აფხაზეთში დაბრუნების საკითხის დაყენებაში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აფხაზეთის ეკონომიკური ცხოვრების ძირითადი წარმმართველი ძალა სწორედ ქართველები იყვნენ. ამდენად, „აიდგილარა“ იდგა იმ მძიმე ისტორიის სათავეებთან, რომელიც გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში განვითარდა აფხაზეთში და, შედეგად, ქართველების წინააღმდეგ ომის გაჩაღება მოჰყვა. თანდათან, „აიდგილარა“, გარკვეულწილად, გაქრა აფხაზეთის აქტიური პოლიტიკური სპექტრიდან. როგორც სახელოვანი გერმანელი პოეტი, ფრიდრიხ შილერი წერდა, „Der Mohr hat seine Schuldigkeit getan, der Mohr kann gehen“ (“მავრმა თავისი მოვალეობა შეასრულა, მავრს შეუძლია, წავიდეს”)”, – ამბობს პროფესორი, კახა კვაშილავა.
რაც შეეხება ე.წ.აღორძინებულ დღევანდელ “აიდგილარას”, რომელსაც სათავეში კან კვარჭია უდგას – კახა კვაშილავა აცხადებს, რომ ის სეპარატისტთა პარლამენტის სპიკერის, ვალერი კვარჭიას შვილია.
“ვალერი კვარჭია აფხაზეთის ამჟამინდელი პოლიტიკური ე.წ. ისტებლიშმენტის ოპოზიციას წარმოადგენს და ყოფილი „პრეზიდენტის“, რაულ ხაჯინბას გუნდის წევრად ითვლება. კან კვარჭია ძალიან დიდი ხმაურით გაუშვეს სოხუმის თავკაცობიდან. სოციალური ქსელების „აფხაზურ სეგმენტში“ დღესაც ძალიან აქტიურად განიხილავენ მის „მერობას“, რაც მომხმარებელთა უმრავლესობის მხრიდან მკვეთრად უარყოფითად ფასდება. როგორც ამბობენ, „აიდგილარას“ რეანიმაცია ყოფილი მერის დაუკმაყოფილებელი პოლიტიკური ამბიციების ერთგვარი გამოხატულებაა. „მისთვის მთავარია, რაიმეს სათავეში იდგეს“, – ამბობენ სოხუმში. ბედის ირონიით, ახალი „აიდგილარა“ „აფხაზეთის უშიშროების საბჭოს“ ამჟამინდელი მდივნის – სერგეი შამბას ოპოზიციაშია”, – აცხადებს ისტორიკოსი.
მისი თქმით, ორგანიზაციის რეანიმაცია, სავარაუდოდ, ისევ მოსკოვმა მოახდინა, რომელიც აფხაზეთის ამჟამინდელ „ხელისუფლებას“ მაინცდამაინც თვალდახუჭულად არ ენდობა, განსხვავებით რაულ ხაჯინბასაგან.
“ამიტომ, ამ უკანასკნელთან დაახლოებული გუნდიდან „აიდგილარას“ რეანიმირება და ამ ორგანიზაციის მიერ მკვეთრი ანტისამთავრობო განცხადებების გაკეთება მოსკოვის მხრიდან „მათრახის“ გამოჩენას უნდა ნიშნავდეს. თუმცა, როგორც სოხუმში ამბობენ, დღევანდელი „აიდგილარა“ ძველის მხოლოდ ჩრდილია და ის ვერ აიყოლიებს საზოგადოებას ისე, როგორც ეს 90-იან წლების დასაწყისში მოხდა”, – აცხადებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ავტორი : მონიკა დავლიანიძე