პუტინის ახალი გამოგონება – მოწამლული „ჩაი“ ნანოკაფსულებში

ადამიანების სიცოცხლისთვის პუტინის ჩაი განსაკუთრებით საშიში რომ არის, ამაზე უკვე მსოფლიოში აღარავინ კამათობს. თუმცა, ახლახან გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ რუს ქიმიკოსებს, სამხედრო პროფილის სამეცნიერო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არცერთი დღე არ დაუსვენიათ. ისინი მოსკოვში მდებარე ცენტრ „სიგნალის“ ხელმძღვანლობითა და რუსეთის მთავრობის დავალებით  ბეჯითად განაგრძობენ „ნოვიჩოკის“ ჯგუფისა და სხვა მომწამვლელ ნივთიერებებზე მუშაობას. სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრი „სიგნალი“ ოფიციალური საექსპორტო კონტროლის ფასადს არის ამოფარებული.

გამოძიებიდან ვიგებთ, რომ „სიგნალთან“ მჭიდრო კონტაქტშია სანქტ პეტერბურგში განთავსებული სამხედრო მედიცინის ინსტიტუტი. მისი ხელმძღვანელი – სერგეი ჩეპური ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლამდე ცოტახნით ადრე ძალიან აქტიურ კონტაქტში იმყოფებოდა ყველა იმ ჩამოთვლილ ობიექტთან, რომელიც „ნოვიჩოკზე“ მუშაობს. საინტერესოა ისიც, რომ ჩეპურის ინსტიტუტს ახლო ურთიერთობა აქვს კიროვის სახელობის სამხედრო აკადემიასთან. და პუტინის რუსეთში  შემთხვევით რომ არაფერი ხდება, ეს  უკვე ყველამ იცის. სწორედ ამ აკადემიის კურსდამთავრებულია სამხედრო ექიმი, ალექსანდრ მიშკინი, რომელიც სკრიპალების საქმეში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე პირია.

“რადიო თავისუფლების” მიხედვით, რუსმა მეცნიერებმა შეძლეს, შეექმნათ „ნოვიჩოკის“ ადამიანის ორგანიზმში შეღწევის ახალი სისტემა – ნანოკაფსულის სახით.  ამ კაფსულებით შხამის მოქმედების ვადის გახანგრძლივება და მისი შენიღბვა ხდება შესაძლებელი. ორივე ამ ფაქტორმა   ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემთხვევაში იჩინა თავი.

ირონიულია, რომ, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ, რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა,  მომწამვლელი და აკრძალული ნივთიერებების ყველა სახელმწიფო მარაგი რუსეთში განადგურებულიაო. თუმცა, როგორც ჩანს, ევროკავშირს უკვე აღარ სჯერა კრემლის განცხადებების, ამიტომაც, დაიწყო სანქციები ამოქმედება. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი – ალექსანდრ ბორტნიკოვი,  პრეზიდენტის შიდა პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი – ანდრეი იარინი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკოც.

ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა შეეხოთ თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს – ალექსეი კრივორუჩკოსა და პაველ პოპოვს. ასევე, შეზღუდვები შეეხება პრეზიდენტის წარმომადგენელს ციმბირის ოლქში – სერგეი მენიალოს. სანქცირებულთა სიაშია ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაციაც.

რუსეთის ხელისუფლება, ტრადიციულად, უარყოფს ნებისმიერ კავშირს მთავარი ოპოზიციური ფიგურის თავიდან მოშორების მცდელობასთან, თუმცა, გერმანიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის ლაბორატორიები  “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით ნავალნის მოწამვლას ადასტურებენ. ევროკავშირის სანქციებიც გააქტიურდა და ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში მომხდარში პუტინის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მაღალჩინოსნების სავარაუდო კვალზე ღიად მიუთითებენ.

 

ქეთევან სვანიძე

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები