ირანმა ყარაბაღის კრიზისის მოგვარების საკუთარი ხედვა წარადგინა

“ირანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკუთარი ინიციატივით გამოდის, რომელშიც წამყვანი როლი რეგიონის ქვეყნებს უნდა დაეთმოს”, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაგჩიმ.

ამის შესახებ მან მოსკოვში განაცხადა, სადაც ბაქოდან ჩავიდა, ამის შემდეგ კი, ერევანსა და ანკარაში გაემგზავრება. არაგჩი სპეციალური წარმომადგენლის სტატუსს ატარებს.

“ირანის გეგმის მთავარი აქცენტია რეგიონული მიდგომა, კიდევ ერთი განსაკუთრეობა მისი რეალიზმია. გამოვედით წინადადებით, რომ კრიზისის მოგვარება რეგიონული მიდგომით მოხდეს, რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც საკვანძო როლს ასრულებენ და რუსეთი რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა”, – თქვა დიპლომატმა.

მისი თქმით, ირანის გეგმის პირველ ეტაპზე საჭიროა “რეგიონის ქვეყნების მიერ რიგი პრინციპების დაცვა, როგორიც არის ოკუპაციის დასრულება, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სუვერენიტეტის პატივისცემა, საზღვრების შეუხებლობის პრინციპი, უმცირესობების ჰუმანიტარული უფლებების პატივისცემა, ასევე, სამოქალაქო მოსახლეობასა და ობიექტებზე თავდასხმის არიდება”.

ირანის წარმომადგენლის თქმით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფმა 30 წლის განმავლობაში საკუთარი არაეფექტურობა აჩვენა, მან ვერ შეძლო კონფლიქტის მოგვარების გზების გამონახვა. მისივე თქმით, აღნიშნულ ჯგუფში ისეთი ქვეყნები შედიან, რომლებიც რეგიონში არ იმყოფებიან და ამ კრიზისთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები