ნათია თურნავა: ეკონომიკური გაჯანსაღების სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს
“2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპი 5,5 იქნება. რაც ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში კოვიდით გამოწვეულ პრობლემებსა და გამოწვევებს დავძლევთ და კვლავ მაღალი ზრდის ტრაექტორიას დავუბრუნდებით”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური გაჯანსაღების სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს.
„მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური სამყარო პანდემიას ებრძვის და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება, რადგან ჩვენც გლობალური ეკონომიკის ნაწილი ვართ, ეკონომიკური გაჯანსაღების უკვე სერიოზული ნიშნები ჩანს, რაც თვიდან თვემდე ეკონომიკური ვარდნის შესუსტებაში აისახება. სრულიად ლოგიკურია, რომ ამ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა და, პირველ ყოვლისა, სავალუტო ფონდმა ჩვენი ქვეყანა იმდაგვარად შეაფასა, რომ კვლავაც რეგიონში ეკონომიკურად ლიდერი ქვეყანა ვიქნებით. 2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპი 5,5 იქნება. რაც ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში კოვიდით გამოწვეულ პრობლემებსა და გამოწვევებს დავძლევთ და კვლავ მაღალი ზრდის ტრაექტორიას დავუბრუნდეთ. შეგახსენებთ ასევე, რომ ექსპორტის პოზიტიური დინამიკა აისახა“, – განაცხადა თურნავამ.