კახა კალაძე: თემქის ხევის რეაბილიტაცია-განახლების პროექტი უკვე მზადაა, ქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება
“თემქის ხევის რეაბილიტაცია-განახლების პროექტი უკვე მზად არის, შერჩეული გვყავს სამშენებლო კომპანია, ტენდერში გამარჯვებული, ვინც უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დაიწყებს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თემქის ხევის რეაბილიტაცია-განახლების პროექტი, დაახლოებით, 35 მილიონი ლარი ჯდება.
„ქალაქს კიდევ ერთი ძალიან მაგარი რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცე შეემატება, რომელიც 25 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული, სადაც ყველა ადამიანს, არამხოლოდ თემქის მოსახლეობას, არამხოლოდ ნაძალადევის მოსახლეობას, მთელი ქალაქის მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ ერთი ძალიან მაგარი პროექტით ისარგებლონ. ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენს მიდგომასა და დამოკიდებულებაზე, როგორი გვინდა, იყოს ჩვენი ქალაქი, როგორი გვინდა, იყოს ხვალინდელი თბილისი. ჩვენთვის არ არსებობს პრიორიტეტული უბნები და რაიონები, ჩვენთვის ყველა უბანს, ყველა ქუჩას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ყველაფერს ვაკეთებთ და ბიუჯეტის გადანაწილება ხდება თანაბრად“, – განაცხადა კახა კალაძემ.