ოკუპირებულ აფხაზეთში ანტიქართული ორგანიზაცია “აიდგილარა” აღადგინეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის “აიდგილარას” პრეზენტაცია გაიმართა, რომლის წესდებაში წერია, რომ მისი მიზანია  “საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა, მოსახლეობის კონსოლიდირება, ყველა ეროვნების, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების კონსოლიდირება დამოუკიდებელი, სოციალურად მდგრადი და ეკონომიკურად ეფექტური სახელმწიფოსთვის”.

ე.წ.საზოგადოებრივ ორგანიზაციას სათავეში უდგას სოხუმის ე.წ.ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ე.წ.პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, კან ქვარჩია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ “აიდგილარა” აფხაზეთის ე.წ.საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე მეორედ იდგამს ფეხს.

პირველად ეს 1988 წლის 13 თებერვალს მოხდა, როდესაც ორგანიზაცია დაფუძნდა და ე.წ.რესპუბლიკაში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა გახდა. მისი მეორე სხდომა 1990 წლის 3 თებერვალს ჩატარდა, რომელზეც “სტალინიზმის წლებში აფხაზი ხალხისა და მისი სახელმწიფოებრიობის მიმართ საბჭოთა საქართველოს პოლიტიკის დამგმობი რეზოლუცია იქნა მიღებული”.

“მაშინ რეზოლუციაში “აიდგილარამ” აფხაზური ეროვნული სკოლების დახურვა, აფხაზი კადრების შემცირება, აფხაზური ტოპონიმიკის ქართულ ენაზე შეცვლა დაგმო, რაც, მათი თქმით, აფხაზი ერის ასიმილაციისკენ იყო მიმართული”, –  ამბობს აფხაზეთის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასლან ავიძბა.

“აიდგილარას” მაშინდელ სხდომაზე აფხაზეთის კონსტიტუციის შექმნის აუცილებლობაზე იყო საუბარი, აფხაზურენოვანი მოსახლეობის დასაქმებაზე, აფხაზურ ენაზე რადიომაუწყებლობის გახსნაზე.

თუმცა, დღეს ორგანიზაცია სხვა პრობლემებს ასახელებს. როგორც კან ქვარჩიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, ორგანიზაციის მუშაობის აღდგენის მიზეზია “აფხაზეთში არსებული პრობლემები და საფრთხეები”.

მისი თქმით, ყველაზე მწვავე პრობლემაა დღეს პანდემია, რომ “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პრობლემის მიმართ ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან”.

ასევე, ქვარჩიას თქმით, შეიქმნა მძიმე ეკონომიკური ვითარება და ე.წ. მთავრობას კრიზისის დაძლევის მკვეთრი ხედვა არ აქვს.

“აიდგილარას” თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რუსეთის როლსა და დახმარებას პანდემიასთან ბრძოლის საკითხში. აღნიშნა, რომ 2008 წელს “ქვეყნებს შორის ხელმოწერილი შეთანხმებები უნდა იყოს ფუნდამენტური”. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია “მთავარ მტერთან, საქართველოსთან” კეკლუცობა და მაგალითის სახით ირმა ინაშვილის აფხაზეთში სტუმრობა დაასახელა.

გამოსვლის ბოლოს მან ე.წ.რესპუბლიკის პოლიტიკურ ძალებსა და მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები