იტალიაში, პანდემიის დაწყებიდან პირველად, ერთ დღეში კორონავირუსის 21 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში, კორონავირუსის მეორე ტალღის ფონზე, ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი პირველ ტალღას მნიშვნელოვნად აღემატება.
ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში 21 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან არ მომხდარა მაშინ, როდესაც 25 ოქტომბერს ვირუსზე 161 880 ტესტი გაკეთდა, რაც წინ დღესთან შედარებით 15 700 ნაკლებია.
ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ლეტალური შემთხვევების კლებას აფიქსირებს. ასე, მაგალითად, ბოლო 24 საათში ვირუსს 128 პაციენტი ემსხვერპლა, ერთი დღით ადრე კი – 151. სულ პანდემიის დაწყებიდან გარდაცვალების 37 338 შემთხვევაა.
რაც შეეხება ცალკეული რეგიონების სტატისტიკას, ლომბარდიაში მაღალი მაჩვენებელი ისევ შენარჩუნებულია. ერთ დღეში 5762 შემთხვევა დადასტურდა, 24 ოქტომბერს კი, 4956.
კაპმანიის რეგიონში 2 590 შემთხვევაა, რაც წინა დღესთან შედარებით მნიშვნელოვან ნახტომს წარმოადგენს, როდესაც 1 700 ინფიცირებული გამოვლინდა. პიემონტში 2800, ტოსკანაში 1800, ხოლო ლაციოში 1541 ახალი შემთხვევაა.