“სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ეს ეპიდემიის უკონტროლოს ზრდა არ არის, ხდება პრევენცია და მონიტორინგი”, – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ეპიდემიოლოგის თქმით, პიკი ჯერ არ დამდგარა, ეს მოსალოდნელია ნოემბრის მეორე ნახევრიდან ან ცოტა მერეც. მისივე თქმით, 15%-ს სჭირდება კრიტიკული მეთვალყურეობა, დანარჩენი ინფიცირებულების 50%-მდე ამ დაავადებას უსიმპტომოდ გადაიტანს, ხოლო 35% – შედარებით მსუბუქად.
,,სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ეს ეპიდემიის უკონტროლოს ზრდა არ არის, ხდება პრევენცია და მონიტორინგი. მსოფლიო და ჩვენი სტატისტიკით, შემთხვევათა 15%-მდეა მძიმე, 1-2% – კრიტიკულად მძიმე. ეს თითქოს პატარა რიცხვია, თუმცა, გააჩნია, რა რაოდენობის მიხედვით არის დათვლილი და რა მოცულობის არის კლინიკური სერვისები, რომელიც ამ რაოდენობის ხალხს სჭირდება. ამ 15%-ს სჭირდება კრიტიკული მეთვალყურეობა, დანარჩენი ინფიცირებულების 50%-მდე ამ დაავადებას უსიმპტომოდ გადაიტანს, ხოლო 35% – შედარებით მსუბუქად. ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყანა ვითარებას თავისუფლად უმკლავდება.
ამ დაავადებას ხშირად ახასიათებს უსიმპტომო ან იოლი მიმდინარეობა და ასეთ შემთხვევაში ორგანიზმმა თვითონ უნდა დაამარცხოს დაავადება. ნებისმიერი დაავადების მიმდინარეობისას ადამიანის უმუნურ სისტემას აქვს მნიშვნელობა. რადგან ჯერჯერობით არ გვაქვს ,,კოვიდ 19″-ის დამარცხების შესაძლებლობა, ერთადერთი საშუაალებაა, ვიყოთ ადამიანის იმუნიტეტის იმედად და დავეხმაროთ მას, რომ ეფექტურად იბრძოლოს ვირუსის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, დაავადებულთა 85% წარმატებით ებრძვის ვირუსს. დღეის მდგომარეობით, ვირუსიც შესუსტდა, შეეჩვია ადამიანის ორგანიზმს და აღარ არის ისეთი აგრესიული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სახლში მკურნალობა სწორი გადაწყვეტილებაა, რომ დავზოგოთ კლინიკური სექტორი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მძიმე ფორმა უვითარდებათ.
ბევრი თავს იკავებს ,,112″-ში დარეკვისგან და სიმპტომებს მალავს, დღეს კლინიკაში ძალით არავის აწვენენ. აღარ არის ის პერიოდი, რომელსაც მსოფლიო “ვირუსის შეკავების ფაზას” უწოდებდა და ჩვენს მსოფლიოს სტრატეგიას მივყვებით. სახლში მკურნალობა უსაფრთხოა მანამ, სანამ პაციენტს რამდენიმე საგანგაშო სიმპტომი არ გამოუვლინდება: ტემპერატურის ძლიერი მატება, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს, სასუნთქი სისტემის დაზიანება, ძლიერი სისუსტე გონების კარგვის ეპიზოდებით, ჰაერის უკმარისობა, კიდურების ან მთელი სხეულის ძლიერი ტკივილები. თუ ასეთმა სიმპტომებმა იჩინა თავი, სასწრაფოდ უნდა დავრეკოთ ,,112″-ზე. ნურავინ იტყვის, რომ არ პასუხობენ, პასუხობენ, ან თუ ვერ პასუხობენ, აქეთ დაგირეკავენ. სახლში ყოფნის დროს მნიშვნელოვანია ბევრი სითხის მიღება და ზომიერი მოძრაობა, რათა თრომბები არ წარმოიქმნას”, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა.
ეპიდემიოლოგმა ისაუბრა ჩაკეტვის შესახებაც და აღნიშნა, რომ ეფექტური ღონისძიებაა, თუმცა, მუდმივი შეზღუდვებისას ეკონომიკა ჩამოიშლება.
,, ჩაკეტვა ეფექტური ღონისძიებაა, თუმცა, მუდმივად ეს შეუძლებელია. შედეგიანია წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება, ინფექციის დროული დიაგნოსტიკა და დაავადებულთა იზოლაცია ინფექციის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტის მიზნით. მუდმივი შეზღუდვებისას ეკონომიკა ჩამოიშლება და სიტუაცია ძალიან გართულდება. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ქვეყანამ აირჩია სწორი კურსი – ინფექციის კონტროლს მისცა კეროვანი შეზღუდვების სახე”, – აცხადებს ეპიდემიოლოგი.
ეპიდემიოლოგის თქმით, თუ ვაქცინა გამოჩნდება, ალბათ, მომავალი წლის ბოლოსთვის, თუ არადა, ეს ვირუსი დედამიწაზე, ალბათ, რამდენიმე წლის განმავლობაში იტრიალებს.